"ინვესტორებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მინისტრის მოადგილის შტატი შეიქმნა"
ამობეჭდვა · 10 / 05 / 2019 15:07
"ინვესტორებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მინისტრის მოადგილის შტატი შეიქმნა"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტორებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მინისტრის მოადგილის შტატი ემატება, - ახალ მოადგილეებს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

როგორც მამუკა ბახტაძემ სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინვესტორებს ერთი ფანჯრის პრინციპით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოემსახურება, ხოლო მინისტრის მოადგილე ინვესტორებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი იქნება არა მხოლოდ ინვესტირებამდე, არამედ ინვესტიციების განხორცილების შემდგომაც.

„ჩვენ რამდენიმე თვე ვმუშაობდით, რათა ეს შედეგი მიგვეღო. რა თქმა უნდა ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოადგილე ამავე დროს პასუხისმგებელი იქნება სხვა უწყებებთან კოორდინაციაზე, ვინაიდან ინვესტორებს ურთიერთობა მოუწევთ არა მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროსთან, არამედ  სხვა უწყებებთან. ბუნებრივია, ჩვენ ამ პრაქტიკას შევზღუდავთ და იქნება ერთი ფანჯრით მომსახურების პრინციპი, სადაც მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი ინვესტორებთან ურთიერთობებზე. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი ფოკუსი გაკეთდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე ევროკავშირთან და იმ პრიორიტეტული და პერსპექტიული   საქონლისა  და მომსახურების ჩამონათვალზე, რომელზეც ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ მომავალში, რათა კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.