თამარ ხულორდავამ საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა
ამობეჭდვა · 11 / 05 / 2019 12:05
თამარ ხულორდავამ საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საქართველოს საჯარო სკოლების 150 მასწავლებელს შეხვდა,რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ პროექტში „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ მონაწილეობენ. კომიტეტის თავმჯდომარე მასწავლებლებს ევროპული ინტეგრაციიის პროცესზე, საკანონმდებლო ორგანოს როლზე და საქმიანობაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ბავშვებისთვის ევროპული ინტეგრაციის თემატიკის მიწოდებაზე, ტოლერანტობის და ურთიერთპატივისცემის, როგორც ევროკავშირთან ჩვენი საერთო ღირებულებით აღზრდის აუცილებლობაზე.


“ძალიან საინტერესო იყო საჯარო სკოლების მასწავლებლებთან შეხვედრა. ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. ყურადღება დავუთმეთ მოზარდებისთვის საინტერესო თემებს და ამ საკითხებზე მოზარდებთან კომუნიკაციის გზებს. ჩემთვის პატივია ამდენ მოტივირებულ და დაინტერესებულ მასწავლებელთან ურთიერთობა. მათ გამოთქვეს უფრო აქტიური ურთიერთობის სურვილი საქართველოს პარლამენტთან. დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება”- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

პროექტი "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ევროკავშირის შესახებ სწავლების დანერგვა, დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია და მოსწავლეების მიერ კონკრეტული თემების შესახებ ცოდნის შეძენა.​

ტეგები