საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს
ამობეჭდვა · 11 / 05 / 2019 15:36
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, ხელისუფლების სამივე შტოს, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს.


გასვლითი სამუშაო შეხვედრის პირველი დღე დისციპლინური წარმოებისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკითხების განხილვას დაეთმობა.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ სამუშაო ჯგუფი, რეფორმის თითოეულ ასპექტთან დაკავშირებით, პოზიციების შეჯერებას და კონსენსუსის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს.



“დაახლოებით ორი კვირის წინ გვქონდა ძალიან პროდუქტული განხილვა, სადაც ძირითად საკითხებზე უკვე შევჯერდით. დღეს უკვე გვაქვს საბოლოო განხილვა, სადაც გვინდა, რომ საბოლოოდ შევაჯეროთ პოზიციები რეფორმის ყველა მიმართულებასთან დაკავშირებით. არის ძირითადი მიმართულებები დისციპლინური წარმოება, იუსტიციის უმაღლესი სკოლა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ჩვენი სურვილია, რომ სრული კონსენსუსით დავასრულოთ ეს განხილვა და იმედი გვაქვს, რომ ასეც დასრულდება ჩვენი მსჯელობა ამ ფორმატში“,- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთლიანად იცვლება ორგანული კანონის შესაბამისი ნაწილი დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით და დისციპლინური წარმოების საფუძვლები. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფუნდამენტურია პროცესთან დაკავშირებული ცვლილებებიც.



„ახალი პროექტი არის ფუნდამენტურად მომზადებული, რეალურად, დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით და აქ არის საუკეთესოდ დაბალანსებული ის ინტერესები, რასაც ქვია სასამართლოს ეფექტიანი საქმიანობა და მოსამართლეების დამოუკიდებლობა. ამ პრინციპებს ეფუძნებოდა მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს სკოლას, აქ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სკოლაში სწავლების პრაქტიკა და შესაბამისი ცვლილებები აისახება კანონში. მათ შორის გაიზრდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობის გარანტიები, არის მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განხორციელდება ამ კუთხით და რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აქ იქნება მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიღებული იმისათვის, რომ საბჭოს მუშაობის ხარისხი გაუმჯობესდეს. ეს ეხება, მათ შორის, საბჭოს გადაწყვეტილებების ღიაობას, დასაბუთებას. არის არაერთი ცვლილება, რომელიც აისახება ამ ნაწილშიც“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ტეგები