"არ გვაქვს წყალი, საკვები" - კვიპროსში ლარნაკას აეროპორტში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2019 11:24
"არ გვაქვს წყალი, საკვები" - კვიპროსში ლარნაკას აეროპორტში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

კვიპროსში, ლარნაკას აეროპორტში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა 11 მაისს მოხდა. “ინტერპრესნიუსი“ ერთ-ერთ დაკავებულ შალვა სპიროვს ესაუბრა, რომელიც საქართველოს საელჩოსგან ყურადღებას და დახმარებას ითხოვს და განმარტავს, რომ მესაზღვრეები მათი დაკავების “აბსურდულ მიზეზებს“ ასახელებენ.

“ლარნაკაში 11 მაისს ქუთაისიდან ჩამოვფრინდით. ამჟამად აეროპორტის დროებითი მოთავსების იზოლატორში ვიმყოფებით. დაკავების აბსურდულ მიზეზებს გვეუნებიან. მოვითხოვე ადვოკატი, რაზეც ხუმრობით მითხრეს, რომ ადვოკატები თვითონ არიან. ჩემს ნათესავებს უთხრეს, თითქოს უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ მაქვს ნაყიდი, მაშინ როცა ბილეთიც მაქვს და თანხაც. სხვა დაკავებულებს ეუნებიან, რომ თითქოს სასტუმრო არა აქვთ დაჯავშნული. ამ დროს, როცა სასტუმროში რეკავენ, იქ ამბობენ, რომ დაჯავშნულია და თანხა გადახდილია. ჩემი ვარაუდით, წელავენ დროს, რათა სამშაბათს თვითმფრინავში ჩაგვსვან და უკან გამოგვიშვან. მაწუხებს დიაბეტი - მჭირდება წამალი და საკვები, მაგრამ ყველაფერს უგულვებელყოფენ. არ გვაქვს სასმელი წყალი, საკვები. გუშინ ერთი ნაჭერი პიცა მოგვიტანეს - ეს ყოფილა განსაზღვრული ნორმა. შემოაქვთ თითო ჭიქა ყავა“, - განაცხადა “ინტერპრესნიუსთან“ შალვა სპიროვმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ გარდაეცვალა ბიძა და კვიპროსში ოჯახისთვის მისამძიმრების მიზნით ჩავიდა.

ტეგები