მეუფე დანიელი: ჭეშმარიტი ქართველი ქალი ლოცვით, სიყვარულით მალამოდ ედება ოჯახისა და ერის წყლულებს
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2019 15:56
მეუფე დანიელი: ჭეშმარიტი ქართველი ქალი ლოცვით, სიყვარულით მალამოდ ედება ოჯახისა და ერის წყლულებს

ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრის კურთხევის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა, რომ ჭეშმარიტი ქართველი ქალი დღეს თავისი ლოცვით, თავისი სიყვარულით მალამოდ ედება თავისი ოჯახისა და ერის წყლულებს,.

მისი თქმით, საქართველო გამოირჩევა მენელსაცხებლე დედების სიმრავლით.

"როდესაც მაცხოვარი შეიპყრეს, თითქმის ყველა მოწაფე მამაკაცი გაიფანტა. ჯვარცმულ ქრისტესთან იყო მხოლოდ იოანე ღვთისმეტყველი და იოსებ არიმათიელი. ეს არის ზეიმი ქრისტეს ერთგული მოწაფეებისა და საოცარია, რომ ამ მოწაფეების უმრავლესობა ბრძანდებიან ქალები და ეს არის ქრისტიან დედათა დღესასწაული. ყველა დედას, ქალბატონს ვულოცავთ ამ დღესასწაულს, რომ ერთგულება მათაც, მენელსაცხებლე დედების მსგავსად დაიცვან და შეძლონ ამ ერთგულების მიბაძვა.

საქართველო გამოირჩევა მენელსაცხებლე დედებით. დღევანდელ დღესასწაულში ასევე აღინიშნება თამარ მეფის ხსენება, როგორც მენელსაცხებლე დედის, რომელმაც საქართველოს მრავალვნებულ და მრავალი წყლულით დამძიმებულ სხეულს თავისი თავგანწირვით მალამო აცხო. ეს არის მენელსაცხებლე დედათა მისია, ასეთი იყო ქართველი დედა და ასეთი არის ჭეშმარიტი ქართველი ქალი დღეს, რომელიც თავისი ლოცვით, თავისი სიყვარულით მალამოდ ედება თავისი ოჯახის და ერის წყლულებს.

მინდა ყველა ქალბატონი დავლოცო საქართველოში აქ მყოფი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ქალბატონი სალომეს, იგივე ნინოს მეთაურობით, რადგანაც ეს დედათა მისია გამორჩეულია საქართველოს ეკლესიაში. ეს არის მისია, რომელიც ყველაზე დიდ ჭეშმარიტებას გვაზიარა. წმინდა ნინომ დააგვირგვინა ანდრიას ქადაგება და მისი ლოცვის და ქადაგების შედეგად საქართველოში ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. მეფეთა შორის უდიდესი, რომელმაც შეიძლება ითქვას, დავით აღმაშენებლის აღორძინებული ქვეყანა დიდების მწვერვალზე აიყვანა ეს არის მეფე თამარი. თქვენ იცით, რომ საქართველო არის მოწამეთა ქვეყანა, მოწამეთა შორის ურჩეულესი მოწამე არის დედოფალი ქეთევანი", - განაცხადა მეუფე დანიელმა.

ტეგები