მარიამ ჯაში: „განათლების სისტემაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებებია დაწყებული, განათლება გახდა სამთავრობო გუნდის ნომერ პირველი პრიორიტეტი“
ამობეჭდვა · 14 / 05 / 2019 13:41
მარიამ ჯაში: „განათლების სისტემაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებებია დაწყებული, განათლება გახდა სამთავრობო გუნდის ნომერ პირველი პრიორიტეტი“

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ გუშინ გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა. მარიამ ჯაშის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები: სთავაზობს უფრო ღირსეულ ანაზღაურებას კვალიფიციურ პედაგოგებს; სტიმულს მისცემს არასერტიფიცირებულ პედაგოგებს, გაიარონ სერტიფიცირება, დაადასტურონ კომპეტენციები და, შესაბამისად, მიიღონ უფრო მაღალი ანაზღაურება; საპენსიო ასაკის მასწავლებლებს სთავაზობს, საკუთარი არჩევანის საფუძველზე, ღირსეული გაცილების შესაძლებლობას 2 წლის ხელფასის წინასწარი ანაზღაურებით და პედაგოგის სამედიცინო დაზღვევის შენარჩუნებით; ხელს შეუწყობს სკოლის სისტემაში ახალგაზრდა კადრების მობილიზაციას და შესთავაზებს უფრო მეტ საათობრივ დატვირთვას სისტემაში მომუშავე პედაგოგებს.
„განათლების სისტემაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებებია დაწყებული. განათლება გახდა სამთავრობო გუნდის ნომერ პირველი პრიორიტეტი. რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახლავთ ჩვენი პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა. სკოლებში ხელფასების ზრდა ყოველწლიურადაა დაგეგმილი, ხოლო 202-2022 წლისთვის მინიმალური ხელფასი 1500 ლარი იქნება. პირველი ცვლილება გულისხმობს 2019 წლის სექტემბრიდან ყველა სერტიფიცირებული პედაგოგისთვის ყოველთვიური ხელფასის სულ მცირე 150-ლარიან ზრდას. აღნიშნული ზრდა კომპეტენციების შესაბამისად შეეხება 23 000 მასწავლებელს. არასერტიფიცირებულ მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ პროფესიული მოღვაწეობა სისტემაში. მათ 2019 წლის განმავლობაში მიეცემათ შესაძლებლობა, რომ არაერთჯერადად დაადასტურონ კომპეტენციები და შესაბამისად მიიღონ ანაზღაურება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია დაგეგმილი საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის. მათ ეძლევათ 2 არჩევანი: განაგრძონ პროფესიული საქმიანობა განათლების სისტემაში, გაიარონ სერტიფიცირება და შესაბამისად მიიღონ დამატებითი ანაზღაურება. ამასთანავე, ჩვენს დამსახურებულ პედაგოგებს უპრეცედენტო შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი არჩევანის საფუძველზე, ერთჯერადად, 2 წლის ხელფასის ანაზღაურება წინასწარ მიიღონ. მათ სიცოცხლის მანძილზე შეუნარჩუნდებათ პედაგოგებისთვის განსაზღვრული სამედიცინო დაზღვევა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისივე ინფორმაციით, სკოლებში იგეგმება როგორც სკოლის დირექტორების, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის და ტექნიკური კადრების ანაზღაურების ზრდა. „ყველა სკოლაში ვიზიტის დროს, მასწავლებელთა პროფკავშირებთან შეხვედრისას გამოიკვეთა ეს პრობლემა და ეს საკითხიც უახლოეს პერიოდში მოგვარდება“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. მან თითოეულ პედაგოგს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის. 

ტეგები