არჩილ თალაკვაძე სალომე სამადაშვილს - მაინტერესებს, თუ მოინახულეთ მოხუცები, რომლებიც „ღიმილიან საქართველოში“ გყავდათ ჩართული
ამობეჭდვა · 14 / 05 / 2019 15:49
არჩილ თალაკვაძე სალომე სამადაშვილს - მაინტერესებს, თუ მოინახულეთ მოხუცები, რომლებიც „ღიმილიან საქართველოში“ გყავდათ ჩართული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა და ეს განცხადება დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა გააკეთა.

„ჟან-კლოდ იუნკერის ამ განცხადებაზე განსაკუთრებით მინდა, მივაპყრო სალომე სამადაშვილისა და გიორგი კანდელაკის ყურადღება. ერთის იმიტომ, რომ ჩაატარა ბრიფინგი და მედიას აჩვენა არარსებული დოკუმენტი ელჩების სახელით ისე, რომ მცირე უხერხულობაც არ უგრძვნია და დღესაც აგრძელებს ამ ნარატივს. რეალურად თქვენ ჩაატარეთ ბრიფინგი არარსებულ განცხადებაზე, რომელიც არ გამოქვეყნებულა და ისაუბრეთ იმაზე, რაც ელჩებს რეალურად არ გაუკეთებიათ განცხადების სახით. ასევე მინდა მივმართო ბატონ კანდელაკს, რომელსაც ერთი შეფასებაც არ გაუკეთებია მაშინ, როცა არარსებულ საკითხებს ეხმაურება და ევროპას ატყობინებს ხოლმე. ერთი შეფასებაც კი არ გაუკეთებია ბატონი სააკაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც სააკაშვილმა დასავლეთი შეადარა რუსეთს და დაადანაშაულა საქართველოს მიმართ და რეგიონის მიმართ კოლონიალისტურ ინტერესებში. აი, ეს არის თქვენი რეალობა. ქალბატონი სამადაშვილი საუბრობდა მოხუცებზე და ღიმილიან მოხუცებზე. ქალბატონო სალომე, თქვენი სტილია ეს, რასაც თქვენი პარტია აშავებდა, სხვას დააბრალოთ. ის მოხუცებულები თუ მოინახულეთ, მაინტერესებს, რომელიც თქვენი ხელისუფლების პერიოდში ღიმილიან საქართველოში გყავდათ ჩართული და მერე როგორც დატოვეთ, მთელმა საქართველომ ნახა. გირჩევთ, ის მოხუცები ერთხელ მაინც მოინახულოთ, როცა ხელისუფლებაში თუნდაც აღარ ხართ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.