ახალი რეგლამენტი - შესაძლებლობები პარლამენტის გაძლიერების და სამოქალაქო სექტორის მეტი ჩართულობისთვის
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2019 16:50
ახალი რეგლამენტი - შესაძლებლობები პარლამენტის გაძლიერების და სამოქალაქო სექტორის მეტი ჩართულობისთვის

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემები იყო საპარლამენტო რეფორმა და პარლამენტის ახალი რეგლამენტი.

„ახალი რეგლამენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ის არეგულირებს ყველაფერს, რაც უკავშირდება საქართველოს პარლამენტს, მთლიანად პარლამენტის მართვის პროცესს, გადაწყვეტილების მიღების პროცესს, მის უფლებამოსილებას, საზოგადოების ჩართულობას პარლამენტის საქმიანობაში და ა. შ. ახალი რეგლამენტი განსაზღვრავს რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ თქვენ ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განაცხადებით, ახალ რეგლამენტზე მუშაობისას ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება.

„პარლამენტს, თითქმის არასდროს, რეალური საზედამხედველო ფუნქცია არ განუხორციელებია. ამ კუთხით თითქმის არანაირი პრაქტიკა, გამოცდილება, დაგროვილი ცოდნა ჩვენ არ დაგვხვედრია. ამიტომ, პარლამენტი, პრინციპში, პირველ ნაბიჯებს დგამს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების და განხორციელების კუთხით.

საზოგადოებისთვის საკმაოდ კარგად ჩანს და ნათელია, რომ კომუნიკაცია პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ძალიან სერიოზულად არის გაზრდილი - ხშირად ვხედავთ კომიტეტებზე, პლენარულ სხდომებზე თუ სხვადასხვა ფორმატებში პრემიერ-მინისტრის, მთავრობის წევრების და სხვა ანგარიშვალდებული პირების მოსვლას, რაც, როგორც წესი, არ ხდებოდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენი ამოცანაა პარლამენტის საქმიანობა და კონკრეტულად, საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება იყოს ბევრად უფრო შინაარსობრივი, იყოს ბევრად უფრო ხარისხიანი და იყოს სხვადასხვა პრობლემების ძალიან სიღრმისეული ანალიზი“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პარლამენტის ახალ საზედამხედველო ინსტრუმენტზე - თემატურ მოკვლევაზე ისაუბრა.

„თემატური მოკვლევა არის ძალიან კარგი მექანიზმი იმისთვის, რომ პარლამენტმა ფოკუსირებულად იმუშაოს კონკრეტულ პრობლემურ საკითხებზე, მაქსიმალურად მოაგროვოს ინფორმაცია არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებებიდან, არამედ გარეშე პირებიდან და დასახოს პრობლემის გადაჭრის სწორი გზები“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტში უკვე შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფების საქმიანობის შესახებ.

თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის ღია მმართველობის საბჭოს საქმიანობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ მექანიზმის მიზანია პარლამენტის საქმიანობა გახდეს უფრო ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და ინკლუზიური.

მისივე თქმით, ძალიან საინტერსო მექანიზმია პეტიციების ახალი სისტემა.

„შევამცირეთ სავალდებულო ხელმოწერების რაოდენობა. 300 ხელმოწერის მოგროვების შემთხვევაში პეტიცია სავალდებულოდ განსახილველია პარლამენტის კომიტეტებისთვის და ეს არის ძლიერი მექანიზმი იმისთვის, რომ კომიტეტების ყურადღება მიიპყროს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მალე გაეშვება პარლამენტის ახალი ვებგვერდი, სადაც ინფორმაცია ისე იქნება განთავსებული, რომ ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი მარტივად შეძლებს ორიენტირებას, მისთვის საინტერსო ინფორმაციის მოძიებას, კანონპროექტზე კომენტარის მოწოდებას, პეტიციის ელექტრონულად გამოგზავნას და ა.შ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ პარლამენტის საქმიანობა გახდეს უფრო ხარისხიანი და მათ შორის, საზედამხედველო საქმიანობა უფრო სიღრმისეული, სულ მალე, მიღებული რეგლამენტის თანხმად, პარლამენტის კვლევითი ცენტრი შეიქმნება.

შეხვედრაზე პარლამენტის ახალი რეგლამენტის თაობაზე პრეზენტაცია გაიმართა, ასევე განხილული იქნა საპარლამენტო რეფორმის საკომუნიკაციო კამპანიის მიმდინარე პროექტები, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიამ“ პარლამენტის რეგლამენტის აპლიკაცია და საინფორმაციო ვიდეორგოლები წარმოადგინა.

შეხვედრის მონაწილეებმა საპარლამენტო საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.

ღონისძიება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიის“ ორგანიზებით გაიმართა.

 

ტეგები