საგამოძიებო სამსახურმა 8 პირი პასუხისგებაში მისცა
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2019 11:14
საგამოძიებო სამსახურმა 8 პირი პასუხისგებაში მისცა

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი მიწების მოტყუებით ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გამოყენებით დაუფლების ფაქტებზე რვა პირი პასუხისგებაში მისცა, მათგან დანაშაულის ჩადენის ორგანიზატორი ორი პირი დააკავა.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და მათი გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც პასუხისგებაში მისცეს რვა პირი, მათგან დანაშაულის ჩადენის ორგანიზატორი ორი პირი დაკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაამზადეს მიწის ნაკვეთების ვითომდა კანონიერად ფლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები და ე.წ. ცრუ მოწმეების მიერ დამოწმებული განცხადებები, რომლის საფუძველზეც, ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება მცხეთის რაიონის სოფელ მსხალდიდში მდებარე - სახელმწიფოს კუთვნილ 37 877 ლარის ღირებულების 2 265 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა დაირეგისტრირა მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში მდებარე 133 965 ლარის ღირებულების 6 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

გამოძიების პროცესში მიწის ნაკვეთს დაედო ყადაღა, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ დაუბრუნდება სახელმწიფოს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ვადით", - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.