ანზორ ბოლქვაძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2019 13:07
ანზორ ბოლქვაძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი “ქართული ოცნებიდან”, ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პასუხობს.

“ვეხმაურები ყოფილი პრეზიდენტის კომენტარს ხულოს სამხატვრო გალერიასან დაკავშირებით.

2003 წელს, როდესაც მე ვეწეოდი სამეწარმეო საქმიანობას, ჩემს უფროს მეგობართან, ბატონ თეიმურაზ კომახიძესთან ერთად, რომელიც ჩემი სწავლის პერიოდში იყო ქ.ბათუმის ინდუსტრიული სასწავლებლის დირექტორი, აღნიშნული დროისთვის კი აჭარის ა.რ.კულტურის მინისტრი, გადავწყვიტეთ, სამხატვრო გალერეის გახსნა ხულოში. შევიძინეთ კომუნისტების დროინდელი, უმოქმედო მდგომარეობაში მყოფი რესტორნის ფართი 500 მ2 . პირადად ჩემი და თეიმურაზ კომახიძის მიერ, მოხდა მისი რესტავრაცია და გაიხსნა გამგეობის სტრუქტურულ ერთეულსა და ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული .,,ხულოს სამხატვრო გალერეა“, რომლის დირექტორად დაინიშნა საქართველოს მხატვართა კავშირის საპატიო წევრი, ცნობილი და დამსახურებული მხატვარი სიმონ ართმელაძე.

სამხატვრო გალერეის გახსნისთანავე იქვე განთავსდა სამხატვრო სკოლა, სადაც პირველად სამი მოსწავლე სწავლობდა, დღეისათვის კი 70 მოსწავლე ეუფლება მხატვრობის საწყისებს, და ამ სკოლის აღზრდილები დღეისათვის ქ. თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები არიან. ხულოს გალერეაში, ერთ სივრცეშია წარმოდგენილი თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა მიმდინარეობა, იქ, მისულ დამთვალიერებელს ექმნება სრულფასოვანი შთაბეჭდილება თანამედროვე ქართულ მხატვრობაზე.

გალერეის შენობაში ეწყობა გამოფენები, იმართება ღონისძიებები, მიდის უამრავი ტურისტი და დამთვალიერებელი. იწერება შთაბეჭდილებები, ეს სივრცე წარმოაჩენს ჩვენი ხალხის შემოქმედებასა და ყოფით კულტურას. დასაქმებულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი გახლავთ ჩემი მეუღლე რომელიც ხელფასის სახით ღებულობს მინიმალურ ანაზღაურებას -260 ლარს.

ხულოს სამხატვრო გალერეის გარდა იმ პერიოდში ბატონი თეიმურაზ კომახიძისა და პირადად ჩემი მონაწილეობით რესტავრაცია ჩაუტარდა სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმს, ნიგაზეულისა და თხილვანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებს. რესტავრაცია ჩაუტარდა ნიგაზეულში სელიმ ხიმშიაშვილის სასაფლაოს, ბაკოში, სერიყანაში დაიდგა თავისკვეთის მემორიალი, გაკეთდა ხიხანის ციხესთან ასასვლელი 1350 მ. სიგრძის ბილიკი რომელიც, დღესაც ციხესთან ერთადერთი ასასვლელია. ჩამოთვლილი ძეგლები დღეს ტურისტების ინტერესსა და აღფრთოვანებას იწვევს. ამ ყველაფერში ჩვენთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა ჩემი ხალხი, მათი შრომითა და ოფლით არის მოპოვებული ეს ყოველივე, ამიტომაც მათ უკეთ იციან სიმართლე და არიან სიტუაციის ყველაზე კარგი შემფასებლები”, – ნათქვამია განცხადებაში.