ანრი ოხანაშვილი და სოფო კილაძე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2019 13:46
ანრი ოხანაშვილი და სოფო კილაძე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხებს, ამის თაობაზე პარლამენტში შემუშავებულ კანონპროექტსა და OSCE/ODIHR-ის ექსპერტთა რეკომენდაციებს დაეთმო. 

„დღეს ჩვენ შევხვდით ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, რომელთაც მოამზადეს რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის თაობაზე ჩვენ მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. გავუზიარეთ ერთმანეთს პოზიციები, ვიმსჯელეთ მათ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. გაიმართა საინტერესო მსჯელობა და, რაც მთავარია, ჩვენ შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე კომიტეტების დონზე და იმედი გვაქვს, რომ ეუთო/ოდირთან ჩვენ მომავალშიც მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.