ამერიკის კონგრესი რუსეთს: დატოვე საქართველოს ტერიტორია
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2019 21:09
ამერიკის კონგრესი რუსეთს: დატოვე საქართველოს ტერიტორია

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 410 ხმით (6-ის წინააღმდეგ) დამტკიცდა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც გმობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას რუსეთის მიერ და მოუწოდებს ოკუპანტ ქვეყანას, დატოვოს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიები. როგორც რეზოლუციის განხილვის პროცესში გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, კონგრესმენები ამ დოკუმენტს განიხილავენ მოსკოვისთვის და პირადად პრეზიდენტ პუტინისთვის გაგზავნილ მნიშვნელოვან სიგნალად.

რეზოლუცია ნომრით 660 რუსეთს მოიხსენიებს ოკუპანტ სახელმწიფოდ, რომელიც იგნორირებას უკეთებს სხვა სახელმწიფოთა დამოუკიდებელ არჩევანს და რომელიც რეგიონში გავლენის სფეროების აღდგენისთვის ძალის გამოყენებით იბრძვის. 8 სექტემბერს დამტკიცებული რეზოლუცია კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციას, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას – ის მოუწოდებს რუსეთს „უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება“ და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

ამავე დროს, კონგრესმენები მოუწოდებენ აშშ-ის მთავრობას, ერთმნიშვნელოვნად განაცხადოს, რომ შეერთებული შტატები არანაირ გარემოებებში არ აღიარებს რუსეთის ფედერაციის დე იურე თუ დე ფაქტო ძალაუფლებას „საქართველოს რომელიმე ნაწილზე, მის საჰაერო სივრცესა თუ მის ტერიტორიულ წყლებზე – მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე“. ამავე დროს, რეზოლუციის მხარდამჭერები ხაზს უსვამენ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების აუცილებლობას და აქ იგულისხმება როგორც სამხედრო წვრთნები, ასევე თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო – როგორც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშემწყობი ქვეყანა – აშშ-ის გრძელვადიან ინტერესში შედის.

კონგრესში დამტკიცებული რეზოლუციის ინიციატორები და თანაავტორები არიან საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები – რესპუბლიკელი კონგრესმენი ტედ პო და დემოკრატი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი. კონგრესმენმა პომ 8 სექტემბრის სხდომაზე მკაცრად დაგმო რუსეთის აგრესიული პოლიტიკა - თქვა, რომ ეს არის შეტევა დემოკრატიულ იდეებზე და პუტინს „ციმბირის ნაპოლეონი“ უწოდა:

„ეს რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას და უგზავნის მკვეთრ მესიჯს (ვლადიმირ) პუტინს, რომ შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს მის კონტროლს საქართველოს რომელიმე ნაწილზე. ჩვენმა მეგობრებმა საქართველოში და რეგიონში უნდა იცოდნენ, რომ შეერთებული შტატები არასდროს იტყვის უარს მოკავშირეების გრძელვადიან მხარდაჭერაზე ციმბირის ნაპოლეონისგან მომავალი საფრთხეების წინაშე... ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ გვაქვს მკაფიო ვალდებულებები ჩვენი მოკავშირეების მიმართ. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააღრმავოს ურთიერთობები თავის მოკავშირეებთან... საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა, რომელსაც რუსეთიდან მონაბერი ავტორიტარიზმის ცივი ქარები უქმნის საფრთხეს“.

 

 

იხილეთ ვრცლად