თამარ ჩუგოშვილი ლიეტუვას სეიმის წევრებს და ბიზნეს სექტორის ქალ წარმომადგენელებს შეხვდა
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2019 13:54
თამარ ჩუგოშვილი ლიეტუვას სეიმის წევრებს და ბიზნეს სექტორის ქალ წარმომადგენელებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოსთავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და საბჭოს წევრი გუგული მაღრაძე ლიეტუვას სეიმის წევრებს და ბიზნეს სექტორის ქალ წარმომადგენელებს შეხვდნენ.

საუბარი შეეხო გენდერული თანასწორობის საკითხებს და ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას.

ქართულმა მხარემ სტუმრებს ქალების ეკონომიკურ გაძლიერების კუთხით პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა გააცნო.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, გუგული მაღრაძის შეფასებით, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო ბევრი მიმართულებით.

„ლიეტუვას სეიმის წევრები წარმოადგენდნენ სხვადასხვა ფრაქციებს, რომლებიც მუშაობენ სოციალურ, საბიუჯეტო, ფინანსურ და გენდერულ საკითხებზე. ჩვენ მათ გავაცანით გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, მათ შორის ის პრობლემები, რაც არსებობს მამაკაცისა და ქალის არათანაბარ ანაზღაურებასთან და დიდ ბიზნესში ქალთა მცირე წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. ვესაუბრეთ იმაზეც, რომ ჩვენ ახლა ძირითად აქცენტს განათლებაზე ვაკეთებთ, კერძოდ, ქალებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე და ასევე, სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის გაძლიერებაზე, იმიტომ, რომ ეს არის სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი გზა. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ლიეტუვაშიც არის განსხვავება მამაკაცის და ქალის ხელფასში და ასევე სხვა ბარიერებიც, რაც ჩვენთან არის, მაგალითად, ქალებს, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ, პრობლემები ხვდებათ საბავშვო ბაღებსა და ბაგებში ბავშვის დატოვების. ამასთან დაკავშირებით, მათ აქვთ ძალიან საინტერესო იდეა, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი საჯარო ბაღები გადატვირთულია, მაშინ ხელისუფლებამ გასცეს ვაუჩერი - თანხა იმისთვის, რომ ადამიანმა ბავშვი კერძო ბაღში მიიყვანოს. ლიეტუვას ბიზნეს სექტორის ქალ წარმომადგენელებს აქვთ საერთაშორისო ფედერაცია. ისინი ცდილობენ სხვადასხვა ქვეყანაში ქალ ბიზნესმენებთან დაამყარონ კავშირები, გაცვალონ გამოცდილება, ბიზნეს იდეები და განახორციელონ ერთობლივი პროექტები“, - განცხადა შეხვედრის კომენტირებისას საქართველოს პარლამენტის წევრმა, გუგული მაღრაძემ.