ინტერნეტ-ლეგენდა Grumpy Cat მოკვდა
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2019 18:07
ინტერნეტ-ლეგენდა Grumpy Cat მოკვდა

Grumpy Cat, იგივე ბრაზიანი კატა, 7 წლის ასაკში მოკვდა. მიზეზად საშარდე გზების ინფექციის გართულება დასახელდა.

Grumpy Cat მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კატა და ინტერნეტ-ლეგენდა იყო, რომელმაც პოპულარულობა მუდმივად ბრაზიანი სახის გამომეტყველებით მოიპოვა. მის ფოტოზე არაერთი ინტერნეტ-მიმია შექმნილი. უჩვეულო გარეგნობის კატა 2012 წლიდან გახდა ცნობილი.

ბრაზიანი კატა არიზონას შტატში ცხოვრობდა. მისი პატრონის, თაბითა ბანდსენის განცხადებით, კატის მუდმივად ბრაზიანი გამომეტყველება დვარფიზმით და არასწორი თანკბილვით იყო გამოწვეული.

ცნობადობის გამო, ამ კატამ მსოფლიო შემოიარა და არაერთ სატელევიზიო გადაცემაში იყო სტუმრად. 2014 წელს კი მასზე საშობაო ფილმიც გადაიღეს.

ბრაზიან კატის ცვილის ფიგურაც არსებობს, რომელიც მადამ ტიუსოს მუზეუმში 2015 წელს წარადგინეს.