IPSOS France: “რუსთავი 2-ის” დაკვეთილი კვლევა არა ჩვენ, არამედ უკრაინის ოფისმა ჩაატარა
ამობეჭდვა · 18 / 05 / 2019 18:15
IPSOS France: “რუსთავი 2-ის” დაკვეთილი კვლევა არა ჩვენ, არამედ უკრაინის ოფისმა ჩაატარა

"IPSOS France"-ის ინფორმციით, “რუსთავი 2-ის” დაკვეთილი კვლევა არა ჩვენ, არამედ უკრაინის ოფისმა ჩაატარა. ამის შესახებ ipress.ge წერს.

გუშინ, პოზიციისა და ოპოზიციის მიერ განხილვის მთავარი თემა “იპსოს” მიერ ჩატარებული კვლევა გახდა, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა დაუკვეთა. კვლევამ დიდი დებატები გამოიწვია და მმართველმა პარტიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა როგორც შედეგები, ასევე მეთოდოლოგია.
თავად ტელეკომპანია კი აცხადებს, რომ ეს სწორედ ის კვლევითი ორგანიზაცია იყო, რომელსაც ხელისუფლებამ სასამართლოს კვლევა დაუკვეთა და რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მეტად ენდობოდა.

“ორგანიზაცია “იპსოსი,” რომლის გამოკითხვის შედეგებსაც მმართველმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა, მსოფლიო სამეულში შედის და 88 ქვეყანაში ოპერირებს. თავდასხმის სერიის დროს მმართველი პარტიის ლიდერებს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ – “იპსო” ის ორგანიზაციაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის თქმით, ყველაზე მეტად ენდობა.” – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში.

საკამათო საკითხებთან დაკავშირებით “აიპრესმა” კითხვები გუშინ მიწერა “იფსოს ფრანსს”, სწორედ იმ ორგანიზაციას, რომელმაც საქართველოში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კვლევა ჩაატარა.

პასუხი კვლევების დირექტორმა მეთიუ გალარდმა გაგვცა.

მეთიუ გალარდი: ქართული სატელევიზიო არხი რუსთავი 2-ის მიერ დაკვეთილი გამოკითხვები ჩატარდა არა იფსოს საფრანგეთის, არამედ იფსოსის უკრაინული განშტოების მიერ. ყველა შეკითხვა უნდა გადამისამართდეს ქვეყნის ოფისში.

მეთიუ გალარდი: ზოგადად, ახლო წარსულში, იფსოს საფრანგეთს არ ჩაუტარებია არავითარი კვლევა საქართველოში, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კვლევის გარდა.

შესაბამისად, კითხვებით უკვე მივმართეთ უკრაინის ოფისს და პასუხებს მიღებისთანავე შეგატყობინებთ.

ტეგები