Google-მა ჰუავეის ანდროიდის სისტემაზე წვდომა შეუზღუდა
ამობეჭდვა · 20 / 05 / 2019 14:58
Google-მა ჰუავეის ანდროიდის სისტემაზე წვდომა შეუზღუდა

Google-მა მსოფლიოს სმარტფონების რიგით მეორე უდიდეს მწარმოებელს, ჩინურ ჰუავეის ანდროიდის ოპერაციული სისტემის განახლება შეუზღუდა. როგორც ჰუავეის წარმომადგენელმა იაპონურ მედიას უთხრა, აღნიშნული ცვლილებისთვის კომპანია მზად იყო.

ახალი დიზაინის ჰუავეის სმარტფონებმა გუგლის აპლიკაციებზე წვდომა დაკარგა. ცვლილება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის ფარგლებშიც ჰუავეი იმ კომპანიების სიას დაემატა, რომლებთანაც ამერიკული ფირმები ლიცენზიის გარეშე ვეღარ ითანამშრომლებენ.

გუგლმა განაცხადა, რომ ვალდებულებებს იზიარებს და შედეგებს განიხილავს. ჰუავეი კი BBC-სთან ამბობს, რომ უსაფრთხოების განახლებებს ჰუავეის სმარტფონებისა და ტაბლეტების ამჟამინდელ მომხმარებლებს კვლავ შესთავაზებს:

"ჩვენ განვაგრძობთ უსაფრთხო და მდგრადი პროგრამული სისტემის შენებას, რათა მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ".

საქართველოში ჰუავეის წარმომადგენლობა განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

 

წყარო: ნეტგაზეთი