პრემიერი: მსურს დავადასტურო მთავრობის ურყევი პოლიტიკური ნება, ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2019 18:07
პრემიერი: მსურს დავადასტურო მთავრობის ურყევი პოლიტიკური ნება, ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი

კიდევ ერთხელ მსურს დავადასტურო საქართველოს მთავრობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმზე განაცხადა. ფორუმი სახელწოდებით - „რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ წყალტუბოში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შემუშავებულია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების გაზრდას, ფინანსურ დეცენტრალიზაციას და უფრო გამჭვირვალე ანგარიშვალდებული თვითმმართველობების ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თვითმმართველობის განვითარებასა და წინსვლაზე, ბუნებრივია ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური ნება, რეალური სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა და არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები. ჩვენ უკვე გვაქვს შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი, რომელიც ეყრდნობა 2018 წლის მარტში მთავრობისა და პარლამენტის მიერ გაცხადებულ ხედვას, რომელიც გახლავთ რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და უფრო გამჭვირვალე ანგარიშვალდებული თვითმმართველობების ჩამოყალიბება. სადაც რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თითოეული მოქალაქე არის ჩართული ამ პროცესში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, სტრატეგიას აქვს სამი მიმართულება - ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა; ადგილობრივი თვითმმართველობის მატერიალური და ფინანსური გაძლიერება და სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება.

„იცით, რომ ჩვენს პოლიტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოციალურ პოლიტიკას და მე ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ, ჩვენი სოციალური პროგრამების ნაწილის გადამისამართება მოვახდინოთ სწორედ თვითმმართველობებზე. მე არ მჯერა, რომ თბილისიდან უფრო კარგად ჩანს ის პრობლემები, რომელიც რეალურად საზოგადოებას, ყველგან აწუხებს. კიდევ ერთხელ მსურს დავადასტურო საქართველოს მთავრობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი. ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ბარიერი ამ გზაზე. ძალიან ბევრი გამოწვევა გამოვიარეთ ერთობლივად და ბუნებრივია არავის აქვს იმის ილუზია, რომ მომავალში ჩვენ არ გვექნება გამოწვევები და ბარიერები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ტეგები