პარლამენტის კვლევითი ცენტრის ფორმირების პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2019 18:14
პარლამენტის კვლევითი ცენტრის ფორმირების პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება

პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის პოზიციაზე კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის კვლევითი ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პარლამენტის კვლევითი ცენტრის სამეთვალყურეო საბჭომ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, დღეს პირველი სხდომა გამართა. საბჭოს წევრებმა კვლევითი ცენტრის დირექტორის სამუშაო აღწერილობის პროექტი განიხილეს და დირექტორის პოზიციაზე გამარტივებული საჯარო კონკურსის გამოცხადების შესახებ იმსჯელეს.

„ჩვენ ვეძებთ დირექტორს, რომელიც, ფაქტობრივად, შექმნის პარლამენტის კვლევით ცენტრს და უზრუნველყოფს მის გამართულ მუშაობას. შევთანხმდით იმ ძირითად კრიტერიუმებზე, რომლებსაც იგი უნდა აკმაყოფილებდეს. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსი მალე გამოცხადდება და კვლევითი ცენტრის რეალური ფორმირების პროცესი დაიწყება“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პარლამენტის კვლევითი ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, დეპუტატები: გუგული მაღრაძე, გია ჟორჟოლიანი, ხათუნა გოგორიშვილი, თინათინ ბოკუჩავა და პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე შედიან.







 

ტეგები