საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფება
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2019 18:25
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, ირაკლი სესიაშვილის, სიმონ ნოზაძის, ირაკლი აბესაძის და გიორგი ლომიას შემადგენლობით, ქალაქ რიგაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარე, იურის რანცანსთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ლატვიაში განხორციელებული დემოკრატიულ რეფორმებს და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით ლატვიის გამოცდილებას.

იურის რანცანსმა დადებითად შეაფასა ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ არჩეული კურსის მტკიცედ და წარმატებით განხორციელების პროცესი. მან ასევე, მხარი დაუჭირა ლატვიის პარლამენტში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემის შემდგომ გააქტიურებას.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ანტიკორუფციული მიმართულებით საქართველოში გატარებულ რეფორმებს, მიღწეულ წარმატებას და ლატვიის გამოცდილებას აღნიშნული მიმართულებით. ამასთან, მასპინძელმა მხარემ ანტიკორუფციული მიმართულებით შემდგომი თანამშრომლების ინტერესი გამოხატა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო ომი და ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითრების კუთხით განხორციელებული აქტივობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს, სამხედრო ძალების რეზერვისა და მობილიზაციის სისტემას.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მასპინძელ მხარეს, საერთაშორისო ინსტიტუტებში საქართველოს მტკიცე და უპირობო მხარდაჭერისათვის და ქვეყნებს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.

 

ტეგები