ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ შეთანხმებას მხარი დაუჭირა
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2019 14:45
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება განიხილა.

„აღნიშნული საკითხი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს დავამატეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, სწორედ იქიდან გამომდინარე რომ პრიორიტეტულად მიგვაჩნია ამ თანამშრომლობისთვის შესაბამისი ჩარჩოს და ოფიციალური საფუძვლის შექმნა რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ რომ ბუნებრივია, ეს ითვალისწინებს საქართველოს და ევროკავშირის ერთობლივ მუშაობას ორგანიზებული, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ. ეს არის ასევე, ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტი  და ამის გათვალისწინებით დავაჩქარეთ საკითხის განხილვა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

საკითხი განსახილველად კანონმდებლებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თორთლაძემ წარუდგინა.

„ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე მუშაობა ევროკავშირთან, და უპირველეს ყოვლისა ევროჯასტთან (Eurojust)  დაიწყო 2015 წელს,  რომელსაც უკვე 2019 წლის 29 მარტს, ჰააგაში მოეწერა ხელი.

„ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არის შესაბამისი დებულებები. ამისათვის აუცილებელია რომ პირველ რიგში,  საქართველოს მხარემ დაასრულოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები“, - განაცხადა ხათუნა თორთლაძემ.

მისი თქმით, ძირითადად ევროჯასტთან თანამშრომლობა (ეს არის ევროკავშირის თანამშრომლობის სააგენტო), მიმდინარეობს სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის მიმართულებით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიმართულებით.

„ევროჯასტთან თანამშრომლობის ფარგლებში ეს ხელშეკრულება უკვე გვაძლევს კონკრეტულ მექანიზმებს და ინსტრუმენტებს თუ რისი გამოყენებით იქნება შესაძლებელი თანამშრომლობა უფრო ეფექტიანი იყოს მხარეებს შორის“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ამ მიზნით, საქართველოს მხრიდან შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად განსაზღვრულია რამდენიმე სუბიექტი  - ეს არის მეკავშირე პროკურორი; მეკავშირე მაგისტრი; ტერორიზმის საკითხებში ეროვნული კორესპონდენტი და ყველა დონეზე მოქმედი იურისდიქციის მქონე სასამართლოები და პროკურატურები .

„თავის მხრივ ევროჯასტი თავის შიდა რეგულაციების და გადაწყვეტილების შესაბამისად შეთანხმების შესრულებას უზრუნველყოფს ეროვნული წევრებით, მათი მოადგილეებით,  და დამხმარეებით. ამ თვალსაზრისით შეთანხმების შესრულებაზე საქართველოს მხრიდან პასუხისმგებელ უწყებად განსაზღვრულია გენერალური პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც აუცილებელი გახდა რომ შემუშავებულიყო საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, არის სწორედ ის მექანიზმი, რასაც ხელშეკრულება მეკავშირე პროკურორის დანიშვნის თვალსაზრისით ითვალისწინებს. „ეს გახლავთ შესაბამისი რგოლი, რომელიც ევროჯასტსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურის შორის იქნება საქართველოს წარმომადგენელი და უშუალოდ მისი დახმარებით და მისი აქტიური მოქმედებით განხორციელდება იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციების გაცვლა სამართლებრივი პროცესის განმავლობაში, რომელიც  აუცილებელია კონკრეტული დანაშაულების გამოძიების ან დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით“, - განაცხადა მომხსენებელმა.

აღსანიშნავია, რომ ევროჯასტთან ურთიერთობა არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით და დღის წესრიგით გათვალისიწინებული ვალდებულება.

„ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსაკუთრებული ნაწილია სექტორული  თანამშრომლობა და ჩვენ ამით, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მაქსიმალურად ვუახლოვდებით ევროკავშირის სტანდარტებს და რეგულაციებს, ვინაიდან, გარკვეულწილად, ჩვენ სამართლებრივი სისტემის ნაწილი ვხდებით, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას დანაშაულების გამოძიების მიმართულებით“, - განაცხადა ხათუნა თორთლაძემ. მისი განმარტებით შეთანხმებით, ასევე გათვალისწინებულია ხელშეკრულების შესრულების ერთგვარი კონტროლი, რომელიც მხარეებს შორის პერიოდულ კონსულტაციებს და ასევე, ბევრ სხვა დანარჩენ დეტალს ითვალისწინებს, უშუალოდ თანამშრომლობის მიმართულებით.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ცვლილებები  ეხება შემდეგ ნორმატიულ აქტებს: „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონს, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონს.

კომიტეტის წევრებმა მთავრობის მიერ რატიფიკაციისთვის წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

კომიტეტის წევრებმა, საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს.

საკითხი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და დეპუტატებს 2019 წლის იანვარ-მარტის ეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, პირველ კვარტალში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 4,7%, მაშინ როდესაც 2019 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 4,5%-ის ზრდის ფარგლებში.

მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 807.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი იყო 826.0 მლნ აშშ დოლარი, რაც 12.8%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელმა შეადგინა 1 981.3 მლნ აშშ დოლარი.

„უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი არის ევროკავშირი, რომლის წილიც საქონელბრუნვაში არის 24,9 %, შემდეგ მოდის თურქეთი 13,3%; რუსეთი 11,6% და აზერბაიჯანი 9,7%. მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი შეადგენს 23,7 %-ს; რუსეთის 16,4%-ს;  აზერბაიჯანის 10,3%-ს და სომხეთის 7,6%-ს“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისივე თქმით ასევე, პირველ ადგილზეა ევროკავშირი იმპორტის თვალსაზრისითაც.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 578.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5 %-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

„2019 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 1 618 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს 2.2 %-ით აღემატება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წმინდა ფულადი გზავნილები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 8.4 %-ით.

მომხსენებლის განმარტებით 2019 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 461 145.5 ათასი ლარით.

„ფაქტობრივად მიღებულმა თანხებმა შეადგინა 2 580 026.0 ათასი ლარზე მეტი, ანუ შესრულების მაჩვენებელმა საბოლოო ჯამში შეადგინა საპროგნოზო მაჩვენებლის 104.8%“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე ინფორმაციით, საგადასახადო შემოსავლების კუთხით მობილიზებულია 2 316 502.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.8%“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განცხადებით, გრანტების სახით მიღებული მაჩვენებელი შეადგენს 177 მლნ ლარს, ხოლო სხვა შემოსავლების შესრულება კი 126%-ს. 

მომხსენებლის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრა 13 090 000.0 ათასი ლარით.

„პირველ კვარტალში დაგეგმილი იყო 2 მლრდ 947 მლნ ლარი. გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 2 მლრდ 818 მლნ. ლარზე მეტი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 95,6%-ია ხოლო, წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის 21,5%-ია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მან ასევე, ისაუბრა მხარჯავი დაწესებულებებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების დაგეგმილ მაჩვენებლებთან შესაბამისობისა და ათვისების მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით სამინისტროების მიერ შესრულების მაჩვენებელი პირველ კვარტალში მაღალია.

„რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, შესრულების მაჩვენებელი აქაც მაღალია. გაწეულია 35, 8 მლნ. ლარი საკასო ხარჯი, რაც დაგეგმილ მაჩვენებელთან მიმართებაში არის 92,3% ხოლო წლიურ გეგმასთან მიმართებაში შეადგენს 26,3%-ს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.