"ბავშვებს თავიდანვე უნდა ვასწავლოთ, თუ რა ნეგატიური შედეგები მოაქვს ოჯახში ძალადობას და როგორ შეიძლება ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები"
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2019 16:23
"ბავშვებს თავიდანვე უნდა ვასწავლოთ, თუ რა ნეგატიური შედეგები მოაქვს ოჯახში ძალადობას და როგორ შეიძლება ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები"

სოფო კილაძის ინიციატივით, ოჯახში ძალადობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტი მომზადდა.

შემუშავებული ცვლილებების მიზანია, მეტი აქცენტი გაკეთდეს ძალადობრივი ქცევის ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და პრევენციაზე. კანონპროექტი, საკანონმდებლო პაკეტთან ერთად პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ წარმოადგინა.

„ჩვენს საზოგადოებაში ოჯახური ძალადობის, როგორც ძალიან მწვავე პრობლემის, არსებობაზე მეტყველებს შემაკავებელი და დამცავი ორდერების რაოდენობა, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს ოჯახური ძალადობის მუხლით. აღსანიშნავია ასევე, რომ გამოვლენის მაჩვენებელი არის მაღალი, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურები კარგად მუშაობენ იმ კუთხით, რასაც ოჯახში ძალადობის გამოვლინება და მასზე რეაგირება ჰქვია“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს პრევენციაზე, რომელიც ოჯახური ძალადობის ფაქტების მნიშვნელოვან შემცირებას უზრუნველყოფს.

მისივე განმარტებით, კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, სკოლების, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების გათვალისწინებას.

„განსაკუთრებით დიდი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ საგანმანათლებლო სისტემაში. ჩვენს შვილებს, ჩვენს ბავშვებს თავიდანვე უნდა ვასწავლოთ, თუ რა ნეგატიური შედეგები მოაქვს ოჯახში ძალადობას და როგორ შეიძლება ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დამცავი ორდერის გამოცემისას, მოძალადისათვის სავალდებულო გახდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლა, რათა მაქსიმალურად იქნას არიდებული თავიდან განმეორებითი ძალადობა.

გარდა ამისა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, სამოქალაქო სამართლებრივ დავებზე, სასამართლოში სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლდება.

საკანონმდებლო ცვლილება მსხვერპლს საშუალებას აძლევს მაგალითად, მოძალადესთან ქონებრივი დავა, ფინანსური დანახარჯების გარეშე მაქსიმალურად სწრაფად გადაწყვიტოს და .ა. შ.

კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს კანონმდებლობაში მშენებლობისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობის, არქიტექტურული და დაგეგმარებითი ელემენტების სრულყოფის შესახებ.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა წარმოადგინა, შემოთავაზებულია, ასევე, აღსრულების ეფექტური მექანიზმი.

მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა შშმ პირთა თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის ახალი ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა.

„მშენებლობის პროცესში შშმ პირთა საჭიროებების გაუთვალისწინებლობაზე დაწესდება შესაბამისი სანქციები. სანქციები განისაზღვრება გეოგრაფიული არეალისა და სამშენებლო კლასების მიხედვით. ზედამხედველობის არეალში მოექცევა ხუთივე კლასის შენობა-ნაგებობები და ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 1000-დან 20 000 ლარამდე, მშენებლობის მოცულობისა და მნიშვნელობის მიხედვით. განისაზღვრება ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანო. კერძოდ, ეს იქნება მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.