სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმი დასრულდა
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2019 16:58
სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმი დასრულდა

22-23 მაისს, წყალტუბოში, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმი გაიმართა, რომელზეც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ბიზნესომბუდსმენმა, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებმა, თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა, ექსპერტებმა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა რეგიონების ეკონომიკური განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.
 
ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ფორუმის ინიციატორმა, ზაზა გაბუნიამ შეაჯამა.
 
„წყალტუბოში ჩატარებულ ფორუმზე საქმიანი და საინტერესო დისკუსიები გაიმართა. ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით რეგიონების ეკონომიკურ კეთილდღეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მიმაჩნია, რომ ფორუმის ფარგლებში, აღნიშნულ თემებზე საინტერესო განხილვები გაიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ წლების წინ აღნიშნულ თემებზე შეხვედრები საერთოდ არ ტარდებოდა და ფორუმის დაფუძნებამ ბიძგი მისცა რეგიონების თემატიკის გააქტიურებას და მიმაჩნია, რომ დღეს უკვე გვქვს ათვლის განსხვავებული წერტილი და ფორუმმა ცხადია, თავისი წვლილი შეიტანა. ის განხილვები და მსჯელობები, რომლებიც ფორუმის ფარგლებში წარიმართა, იმედს მაძლევს, რომ უახლოეს პერიოდში, როდესაც ჩვენ დავასრულებთ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე პარლამენტის, როგორც მთავარი საკონსტიტუციო ორგანოს რეკომენდაციების შემუშავებას, ჩვენ შევძლებთ მთავარ დოკუმენტში ამ რეკომენდაციების ასახვას და რაც მთავარია მივაღწევთ იმ მთავარ მიზანს, რომელიც მარტივად, ორ სიტყვაში გამოიხატება - საქართველოს რეგიონები საცხოვრებლად და სამუშაოდ გახდეს უფრო მიმზიდველი ჩვენი ქვეყნის უფრო და უფრო მეტი მოქალაქისთვის“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
 
კომიტეტის თავმჯდომარემ ფორუმის მონაწილეებს, დისკუსიებში მონაწილე მხარეებს, ღონისძიების გამართვის მხარდამჭერს საერთაშორისო ორგანიზაციებს: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (IRI) მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის.