საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო კონტროლის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2019 16:54
საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო კონტროლის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა

„ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს რას ნიშნავს საპარლამენტო კონტროლი, რატომ არის ის მნიშვნელოვანი და გამყარდეს საზოგადოების ნდობა პარლამენტის საქმიანობის მიმართ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო კონტროლის გზამკვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივით (GGI) გაიმართა.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალიან დიდ აქცენტს აკეთებს საზედამხედველო ფუნქციების აქტიურად გამოყენებაზე.

„ყოველდღიურ რეჟიმში, სხვადასხვა მექანიზმები, რომლებიც კონსტიტუციით და ახალი რეგლამენტით არის შემოთავაზებული, ძალიან აქტიურად გამოიყენება. მათ შორისაა, არა მარტო ინტერპელაციები, მინისტრების და სხვა თანამდებობის პირების პარლამენტში დაბარება, არამედ თემატური და საკომიტეტო მოკვლევები, საკანონმდებლო აქტების აღსრულების მუხლები და ა.შ. მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა აქტიურად დაიწყო ამ კარგი მექანიზმების გამოყენება და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველა კომიტეტს, ყველა დეპუტატს და კომიტეტების აპარატებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, ვინაიდან საპარლამენტო კონტროლის ბევრი მექანიზმი ახალია და მათი გამოყენება პირველად ხდება, მნიშვნელოვანია დაინერგოს ამ მექანიზმების გამოყენების სწორი პრაქტიკა.

„ჩვენ თუ არათანმიმდევრული პრაქტიკები გვექნება, ბუნებრივია ეს გააჩენს კითხვებს, გააჩენს სკეპტიციზმსაც, მათ შორის, ამ მექანიზმების მიმართაც და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ასე მოხდეს. პირიქით, ჩვენ გვინდა, რომ დროთა განმავლობაში საზოგადოებამ დაინახოს რატომ არის ამ მექანიზმების გამოყენება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა, ადამ შმიტმა.

„ჩვენ ვიცით, რომ უკვე 100 დღეზე მეტია წარმატებულად მიმდინარეობს ეს პროცედურები, რაც მიუთითებს თავად ახალი რეგლამენტის წარმატებაზე. რამდენიმე კვირის წინ, კონგრესმენები ეწვივნენ საქართველოს პარლამენტს და შთამბეჭდავი იყოს იმის ნახვა, რომ პარლამენტს, პოლიტიკოსებს აქვთ სურვილი მოხდეს ამ რეგლამენტის ინსტიტუციონალიზაცია. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური დებატები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ პროცესისინსტიტუციონალიზაციისთვის და საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებისთვის“,-განაცხადა ადამ შმიტმა.

საპარლამენტო კონტროლის გზამკვლევის პრეზენტაცია გამართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროექტის სამართლებრივმა კონსულტანტმა, კახაბერ ურიადმყოფელმა.

„საპარლამენტო კონტროლის გზამკვლევის მომზადების მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მარტივად გადმოგვეცა ყველა ის სათქმელი, რაც ახალ რეგლამენტში ჩაიდო საპარლამენტო კონტროლის კუთხით. სწორედ, საპარლამენტო კონტროლი იყო ყველაზე მეტად ნოვაციური ნაწილი ახალი რეგლამენტის. რეგლამენტში, საკმაოდ ბევრია ისეთი მექანიზმი, რასაც აქამდე არ უარსებია, მაგრამ, ასევე გვაქვს მექანიზმები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე არსებობდა, თუმცა რეალობაში ვერ ვხედავდით. ახლა კი, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ნორმები სრულდება და ვფიქრობთ, რომ ეს გზამკვლევი კიდევ უფრო დაეხმარება პარლამენტში ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვას“, - განაცხადა კახაბერ ურიადმყოფელმა.

საპარლამენტო კონტროლის გზამკვლევში ცალ-ცალკეა გამოყოფილი ყველა ის ძირეული მექანიზმი (პარლამენტის წევრის კითხვა, ინტერპელაცია, პრემიერმინისტრის მოხსენება და ანგარიში, თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება, თემატური მოკვლევა და სხვა), რაც ახალი რეგლამენტის თავში საპარლამენტო კონტროლის კუთხითაა მოცემული.