საპარლამენტო უმრავლესობა: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი სერიოზული გზავნილია
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2019 17:00
საპარლამენტო უმრავლესობა: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი სერიოზული გზავნილია

საპარლამენტო უმრავლესობა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მიერ, საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას ეხმაურება. დეპუტატების შეფასებით, აქტის მიღება ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი სერიოზული გზავნილია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი უკავია.



„კონგრესში შემუშავებული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების მიმართ სანქციების დაწესებას, ხაზს უსვამს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის საჭიროებას და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, რაც ჩვენთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში და 23 წევრთან ერთად, საქართველოს მხარდამჭერი აქტი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეების - ჯერი კონოლის და ადამ კიზინგერის მიერ არის ინიცირებული. ეს საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ერთობლივი მუშაობის შედეგია და სწორედ ამ აქტის მიღებას ლობირებდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იანვარში ვიზიტის დროსაც“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე, სადაც მხარდამჭერი აქტის მიღებას გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ამერიკელ კოლეგებს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.



ჟურნალისტებთან საუბრისას, კანონპროექტის შინაარსსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. სოფიო ქაცარავას შეფასებით, აღნიშნული აქტი ადასტურებს, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი უკავია.



„ეს არის ძლიერი და ყოვლისმომცველი შინაარსის მქონე კანონპროექტი, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მასში ასახულია საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა საკითხი: ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და მართლაც უპრეცენდენტო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში საუბარია დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე და რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე.



კანონპროექტში არის მოწოდება მთავრობის მიმართ, რომ მან, უსაფრთხოების ნაწილში, წარმოადგინოს ანგარიში და სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი ხაზს უსვამს სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების შემთხვევაში ეს იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ დამატებითი გარანტიები უსაფრთხოების კუთხით. ასეთი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი როლი უკავია ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.



საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი ხაზს უსვამს იმ ერთსულოვან მხარდაჭერას, რომელიც მხარდამჭერმა აქტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მიიღო.



„კანონპროექტი ინიცირებულია როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ და მას სრული მხარდაჭერა ჰქონდა კონგრესში, რაც თავისთავად, სერიოზული გზავნილია.



კანონპროექტი გაივლის ყველა საკანონმდებლო საფეხურს და დარწმუნებული ვარ, რომ საკანონმდებლო აქტი გახდება. ყველა საფეხურზე ამ დისკუსიის წარმოება, ამ საკითხების წამოწევა ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტექსტის, საერთაშორისო კონიუნქტურის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ცალსახად უჭერს მხარს ქართულ სახელმწიფოს და გმობს რუსეთის ქმედებებს კონკრეტულ საკითხებსა და მთლიანად, საქართველოს ტერიტორიაზე“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ტეგები