დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი - დავით ზალკალიანის განცხადება გასულია მომსახურების ზონიდან - აზერბაიჯანი 3 ბულდოზერით მუშაობს, სადაა, რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო?
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2019 13:10
დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი - დავით ზალკალიანის განცხადება გასულია მომსახურების ზონიდან - აზერბაიჯანი 3 ბულდოზერით მუშაობს, სადაა, რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო?

ზალკალიანის განცხადება არ გავდა არც მინისტრის, არც სახელმწიფო მოხელის განცხადებას, საერთოდ გასული იყო მომსახურების ზონიდან. რაც ხდება ეს ვანდალიზმია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის მშენებლობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

არქიმანდრიტი „სპექტაკლს“ უწოდებს იმ განცხადებებს, რაც სამშენებლო სამუშაოების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა და აცხადებს, რომ გზის მშენებლობაზე, რომელიც მიმდინარეობს, სამი ბულდოზერი მუშაობს.

„ესაა ჩვენ რასაც ვუყურებთ, მესაზღვრეებთან კონტაქტი არ გვაქვს. კომისიების დონეზე მიმდინარეობს შეხვედრა და იქაც ითქვა ეს ამბავი და იქ ჩაატარეს სპექტაკლი, ვითომ არაფერი იციან და უნდა გაარკვიონ და ვითომ დამოუკიდებლად მოქმედებენ მესაზღვრე პოლიციელები.

სამი უზარმაზარი ბულდოზერი მუშაობს, იმხელა გზა გაჰყავთ, რომ ორი მანქანა თავისუფლად აუქცევს ერთმანეთს გვერდს. მათი კონტროლირებადი ტერიტორიიდან იწყებენ ამოსვლას და გზა ამოჰყავთ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით ,“ - აცხადებს არქიმადრიტი.

მისივე თქმით, ჩნდება კითხვა - თუ არ იყო ინფორმირებული ქართული მხარე , რატომ არ იღებს სახელმწიფო შესაბამის ზომებს.

„ფაქტია , რომ ვანდალიზმია. გააკეთა ზალკალიანმა განცხადება, რომელიც არ გავდა არც მინისტრის, არც სახელმწიფო მოხელის განცხადებას, საერთოდ გასული იყო მომსახურების ზონიდან ეს განცხადება. მინისტრი გვეუბნება ეს ყველაფერი პრესიდან გავიგე, უნდა გადავამოწმო, რომელი მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება გზის გაყვანაო.

აქ ორი ძირეულული შეცდომაა. ჩვენ საუბარი არ ვაქვს დადგენილი საზღვრის ტერიტორიაზე. ცხადია, ეს დადგენილი საზღვრის მონაკვეთში მათ მხარეს რომ ხდებოდეს, აქვთ უფლება აწარმოონ მათთვის სასურველი სამუშაოები, მაგრამ ვინაიდან ჯერ არაა დადგენილი საზღვარი ჩვენს შორის და ეს ტერიტორია სასაზღვრო ზონაა, აქ საერთაშორისო კანონმდებლობით მეზობელ სახელმწიფოს ამ ტიპის სამუშაოების განხორციელების უფლება არ აქვს მეორე მხარესთან შეთანხმების გარეშე. აქაც პრობლემაა, ერთი რომ არ გითანხმებს და მეორე, ესე იგი გითანხმებს და გვიმალავთ. ეს დაუშვებელია საერთაშორისო დონეზე. ესაა ის სავარაუდო ვარიანტები, რაც არსებობს და კითხვები, რომლებსაც პასუხები არ აქვს. თუ ეს სამშენებლო სამუშაოები შეთანხებული არაა და ისე მიმდინარეობს, ამას ჰქვია საერთაშორისო სკანდალი, ეს საქართველომ უნდა გაასაჩივროს და გააგებინოს საერთაშორისო თანამეგობრობას და აზერბაიჯანულ მხარეს მყისიერად მოსთხოვენ პასუხს და გაჩერდება, რატომ არ აკეთებენ ამას? ,“ - აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.

არიქმანდრიტის განმარტებით, ყველაზე მთავარი ისაა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი და მის ზონაში ამდაგვარი მუშაობა „ვანდალიზმია“ .

„ქურმუხის ეკლესია, რომელიც კახში მდებარეობს და გადაეცა აზერბაიჯანულ მხარეს, არის ქართული კულტურის ძეგლი. ქურნუხის ტაძარზე, რომელიც ბორცვზე დგას, რომ დაიწყოს აზერბაიჯანმა მოთხრები, საქართველო ვალდებულია ეს გააპროტესტოს და აქვე ჯერ დაუდგენელ საზღვარზე, რომ აზერბაიჯანი ამას აკეთებს, სადაა სახელმწიფო , რას აკეთებს?,“ - აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.

შეგახსენებთ, რომ როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივმა გიდმა ზვიად ანანიაშვილმა განუცხადა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო და ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით, ფერდობზე გზა რამდენიმე დღეა, რაც გაჰყავს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნული საკითხის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია მედიიდან გაიგო და საკითხის დეტალებს გაარკვევს.

ტეგები