„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2019 16:50
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა უძღვებოდა.

საკითხი განსახილველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა ჩიხრაძემ წარადგინა.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ასევე, ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს მიერთების ოქმის საფუძველზე, ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაცია მოეხდინა გარკვეული ვადების დაცვით. წარმოდგენილი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ევროკავშირში შემოქმედი 5 დირექტივისა და ერთი რეგულაციის იმპლემენტაციას საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც არეგულირებს ენერგეტიკის სფეროს ევროკავშირში. ეს არის ადაპტირებული დირექტივები ვინაიდან, ევროკავშირმა მოგვცა საშუალება, რომ ენერგეტიკული გაერთიანების პლატფორმაზე განხორციელებულიყო საქართველოსთვის შეძლებისდაგვარად მორგებული პირობებით ამ დირექტივების და რეგულაციის გადმოტანა“, - აღნიშნა მომხსენებელმა საკითხის წარდგენისას.

ევროკავშირის სამართლებრივი დოკუმენტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონპროექტი, მიზნად ისახავს საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის სფეროში თავისუფალი და კონკურენტული ურთიერთობების ხელშეწყობას და ბაზრების გახსნას, ამავე დროს მიწოდების უსაფრთხოების მოთხოვნათა სათანადოდ დაცვის გათვალისწინებით, კანონპროექტით გათვალისწინებულია ქონებრივი გამიჯვნის საკითხები.

„ვინაიდან გადაცემის ქსელიც და განაწილების ქსელიც ეს არის მონოპოლიური წარმონაქმნები, მათ უნდა ჰყავდეთ დამოუკიდებელი ოპერატორი, რომელიც ვალდებული იქნება თავის ქსელში დაუშვას ნებისმიერი მიმწოდებელი არადისკრიმინაციული პირობებით, საჯაროდ და ტრანსპარენტულ ბაზაზე“, - განაცხადა ზაზა ჩიხრაძემ.

კანონპროექტი აწესებს გარკვეულ ვადებს, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის და ასევე, განაწილების სისტემის ოპერატორების გამიჯვნა.

ახალი კანონმდებლობით გადაცემის ლიცენზიატებისთვის შემოთავაზებულია გამიჯვნის ორი მოდელი:

გადამცემი სისტემის ოპერატორი დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი.

არსებული ლიცენზიატების მიერ გამიჯვნის შესაბამისი მოდელის შერჩევისა და მისი განხორციელებისათვის კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამის ვადას.

გამიჯვნის დადასტურება უნდა განხორციელდეს კომისიის მიერ სათანადო სერტიფიცირების გზით, რომლის შემდეგაც გაიცემა ერთი გადაცემის ლიცენზია მხოლოდ ოპერატორზე, ნაცვლად დღეს არსებული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისა და სამი გადაცემის ლიცენზიისა.

კანონპროექტით, ხდება საქართველოს მთავრობის მიერ ბაზრის კონცეფციის მოდელის დამტკიცება, რომლის მიერ განსაზღვრული სეგმენტების მიხედვით მოხდება შესაბამისი ბაზრის ოპერატორების ლიცენზირება და ბაზრის წესების დამტკიცება კომისიის მიერ. იგივე კონცეფცია გაითვალისწინებს ბაზრის გახსნის ეტაპებს, რათა მაქსიმალურად მოქნილი იყოს თავისუფალ ბაზარზე გადასვლის პროცესი და მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული საწყის ეტაპზე შესაძლო უარყოფითი ზეგავლენები.

კანონპროექტი ასევე, ითვალისწინებს ბაზარზე ტრეიდერის და მიმწოდებლის სტატუსების შექმნას.

კანონპროექტის მიზანია ასევე, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ბაზრის შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის შესარბილებლად საქართველოს მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭება, რათა მან განსაზღვროს დროებით უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც მომხმარებელთა შესაბამის კატეგორიას უზრუნველყოფს ენერგიის მიწოდებით სანამ ისინი თავისუფალ ბაზარზე შეძლებენ მიმწოდებლის არჩევას.

პროექტით, შემოდის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ცნება, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს მიწოდების მომსახურებით, თუ იგი მიმწოდებლის გაუქმების ან სხვა გარემოებების გამო დარჩება მიმწოდებლის გარეშე.

ამასთან, საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება ბაზრის გახსნის შესაბამისი ეტაპის უზრუნველსაყოფად განსაზღვროს ის კრიტერიუმები (ასევე მათი ამოქმედების ვადები), რომლებთან შესატყვისი მომხმარებლებიც სავალდებულოდ უნდა იყვნენ კვალიფიციური მომხმარებლები.

კანონპროექტით ასევე, შემოდის გაზსაცავის და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის ოპერირებასთან დაკავშირებული რეგულაციები.

კანონპროექტი ითვალისწინებს არსებული „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას, შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული წყალმომარაგების მარეგულირებელი დებულებები გადმოტანილ იქნა კანონპროექტში.

კანონპროექტი ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილების გაზრდას, რომელზეც ქსელის წესების გარდა (რაც დღესაც მისი ფუნქციაა) დელეგირდება ბაზრის წესების და გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმების დამტკიცების უფლებამოსილება.

ტეგები