მამუკა მდინარაძე: პარლამენტის სტაჟიორებში არის უდიდესი პოტენციალი, რომ მათგან კარგი პოლიტიკოსები, მენეჯერები და პროფესიონალები გამოვიდნენ
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2019 17:37
მამუკა მდინარაძე: პარლამენტის სტაჟიორებში არის უდიდესი პოტენციალი, რომ მათგან კარგი პოლიტიკოსები, მენეჯერები და პროფესიონალები გამოვიდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საქართველოს პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო სიახლეები, არსებული მიღწევები და გამოწვევები მიმოიხილეს. მამუკა მდინარაძე სტაჟიორებს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ქვეყანაში არსებული აქტუალური თემების შესახებ ახალგაზრდებმა შეხვედრაზე საკუთარი ხედვები და მოსაზრებებიც წარადგინეს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სტაჟირების განმავლობაში ახალგაზრდების მიზნებითა და მოლოდინებით დაინტერესდა.

მამუკა მდინარაძემ ახალგაზრდებს პარლამენტში ყოფნის პერიოდში ყველა საჭირო უნარის მაქსიმალურად გამომუშავება ურჩია და მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში სტაჟირება და პრაქტიკის გავლა პროფესიული ზრდის კარგ შესაძლებლობას იძლევა.

ფრაქციის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდები ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ, რადგან მისივე თქმით, ახალგაზრდული რესურსი და ენერგია ამ პროცესებში საკმაოდ მნიშვნელოვანია.

„ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები ფიქრობენ იმაზე გაცილებით დახვეწილად, ვიდრე, გულწრფელად ვაღიარებ, ჩვენ მათ ასაკში. არიან საოცრად კრეატიულები, დახვეწილები, სწორად ფიქრობენ პოლიტიკაზე, ეკონომიკურ საკითხებზე, სამართლებრივ სფეროებზე. ხედავენ პლიუსებს და მინუსებს რეალურად. ვფიქრობ, რომ პარლამენტის სტაჟიორებში არის უდიდესი პოტენციალი, რომ ხვალ მათგან გამოვიდნენ კარგი პოლიტიკოსები, კარგი მენეჯერები და პროფესიონალები. პოზიციის მიმღებლობა აქვთ სწორი და არიან, ამავე დროს, ძალიან კრიტიკულები. ეს ყველაფერი ერთად იძლევა იმის დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდობა და მათში არის უდიდესი პოტენციალი“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სტაჟირება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ახალგაზრდები სტაჟირებას პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გადიან. სტაჟიორები საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი, ისინი ესწრებიან კომიტეტების სხდომებს და დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკას ეცნობიან. სტაჟირების პროცესი პარლამენტის ცალკეული კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრებთან შეხვედრებსაც ითვალისწინებს, რომელთა ორგანიზებას საკადრო საკითხთა დეპარტამენტი ახორციელებს.

ტეგები