სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ამობეჭდვა · 26 / 05 / 2019 13:05
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

"მოგესალმებით ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო, განსაკუთრებით თქვენ, ვინც დღეს დადეთ ფიცი სამშობლოს წინაშე. მოგესალმებით ბატონო პრემიერმინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო. მოგესალმებით თქვენო უწმინდესობავ, მოგესალმებით პატივცემულო სტუმრებო, პატივცემულო საზოგადოებავ, მოგესალმებით ჩემო აქ და საზღვარგარეთ მცხოვრებო თანამემამულენო. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

გასულ წელს ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი აღვნიშნეთ, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეზიარებინა იმ გზის მნიშვნელობა, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ დღემდე გაიარა. ეს არის გზა საქართველოს დაპყრობიდან მის გათავისუფლებამდე. ეს არის გზა სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა. გასულ წელს ჩვენ გავიხსენეთ ისინი, ვინც წინ უძღოდნენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და საფუძველი ჩაუყარეს 1918 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებას.

დღეს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა, 31 მარტს ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავი აღვნიშნეთ, მათი ბრძოლის გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, ვინც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში იბრძოდა თავისუფლებისთვის საქართველო ვერ დაიბრუნებდა წართმეულ დამოუკიდებლობას 1991 წელს“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს.