გიორგი გახარია - „თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა“
ამობეჭდვა · 26 / 05 / 2019 17:06
გიორგი გახარია - „თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა“

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მოქალაქეებსა და სტუმრებს უმასპინძლა.

გიორგი გახარიამ ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე ჟურნალისტებთან 26 მაისს სამინისტროს მიერ ზუგდიდში დაგეგმილი ღონისძიებების სიმბოლურ მნიშვნელობაზე მიუთითა, განსაკუთრებით ქვეყნის ერთიანობის კონტექსტში.

„პირველ რიგში, გილოცავთ 26 მაისს, ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. რა თქმა უნდა, 26 მაისი არის ის მიღწევა, რომლისთვისაც, ამ ქვეყნის თაობები იბრძოდნენ. სიმბოლურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეს ზეიმობს ზუგდიდში, რამეთუ, წარმოუდგენელია დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ერთიანი ქვეყნის გარეშე და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ზუგდიდიდან, ისევე როგორც გორიდან, ეს აღქმა ამ დღის არის ბევრად უფრო მძაფრი და ემოციური.

პირველი რესპუბლიკა იყო უდიდესი მიღწევა არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ საერთოდ მსოფლიო დემოკრატიისთვის. ეს იყო პირველი სოციალურ-დემოკრატიული მთავრობა, არჩევითი. დღეს სიმბოლური დღეა, რომ მაშინაც 26 მაისი იყო კვირა დღე და დღესაც გვაქვს კვირა დღე.

რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, განსაკუთრებით სამეგრელოდან, 1991 წლის 9 აპრილი, როდესაც კიდევ უფრო გაძლიერდა ეს დამოუკიდებლობა და რომელმაც ახალი თანამედროვე იერსახე და ფერები შეიძინა. ის ადამიანები, რომლებმაც ამ დამოუკიდებლობის საფუძველი შექმნეს, ზვიად გამსახურდია და რა თქმა უნდა, მერაბ კოსტავა.

ჩვენთვის, სამეგრელოში ამ დღის აღნიშვნა, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არის აბსოლუტურად სიმბოლური და ჩვენ გვინდა, ყველამ ერთად დამოუკიდებლობა ვიზეიმოთ ერთიან ქვეყანაში და გვახსოვდეს ყოველთვის, რომ თავისუფლება არის უდიდესი პასუხისმგებლობა და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება
უდიდესი შრომა იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან, წარმატებულ ქვეყანაში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ამ დღის სლოგანია „ეს დღე ჩვენია“. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ ზუგდიდში გამართა ღონისძიებები. ზუგდიდში, ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე, 11 საათიდან დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ზუგდიდში თავისუფლების მოედანზე, წარმოდგენილი არის სპეციალურად მოწყობილი საგამოფენო პავილიონი - ერთიანი საქართველოს დერეფანი, სადაც გამოფენილია მასალები ერთიანი საქართველოს მეფეების, საქართველოს 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის, 1991 წლის რეფერენდუმის და ემიგრანტების შესახებ. ზუგდიდის მთავარ მოედანზე განთავსდა სტენდები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას უცნობი ისტორიების შესახებ. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო დამოუკიდებლობის აქტის კედელი, სადაც ადგილობრივები შეძლებენ სიმბოლურად ხელი მოაწერონ ქვეყნის დამოუკიდებლობის დოკუმენტს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ზუგდიდში გალა კონცერტით დასრულდება.

ტეგები