რუსთავში ჯარისკაცებმა ხანძრის დროს 2 ბავშვი გადაარჩინეს​ (ვიდეო)
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2019 10:31

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სამმა სამხედრო მომსახურემ ხანძრის დროს ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

ვებგვერდის ცნობით, ჯარისკაცები რუსთავში გასამართ ღონისძიებაზე მიდიოდნენ, რა დროსაც გზიდან შეამჩნიეს, რომ ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა, ადგილზე მისულებს კი ბინაში ძლიერი ხანძარი დახვდათ. იყო ინფორმაცია რომ სახლში 2 მცირეწლოვანი იმყოფებოდა, მეზობლების თქმით ბავშვების მამა გარეთ იყო და სახლში ვერ შედიოდა.

ხანძართან ერთად იყო ძლიერი დაკვამლიანება, ოთახში შესვლას ვერავინ ბედავდა, თუმცა ჯარისკაცებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ოთახში შეაღწიეს და 2 მცირეწლოვანი ალმოკიდებული სახლიდან გამოიყვანეს.

მაღალი დაკვამლიანების შედეგად სამხედროებმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო ორს, კლინიკა "რუსთავში" შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.

კლინიკა "რუსთავის" გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის მორიგე ექიმმა მანანა გაბაშვილმა განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში შემოყვანილია ორი ჯარისკაცი. შემოყვანისას ორივე უჩიოდა თავბრუსხვევას, ყლაპვისა და სუნთვის გაძნელებას. გაიარეს ტოკსიკოლოგის კონსულტაცია. ამჟამად მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, მიმდინარეობს დაკვირვება".

"ინფო რუსთავმა" სამხედროების ვინაობა გაარკვია, ესენი არიან: 26 წლის დავით კვიწინაძე და 34 წლის ალექსანდრე ჯანიაშვილი, მესამე ჯარისკაცი, რომელიც შედარებით მძიმედ იყო და ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს გიორგი მუსელიანია. აღსანიშნავია რომ ალექსანდრე ჯანიაშვილი რუსთაველია.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი მეგობრობის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, დილის საათებში გაჩნდა. 

 

ტეგები