ევროპარლამენტში ორმა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ უმრავლესობა დაკარგა
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2019 10:41
ევროპარლამენტში ორმა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ უმრავლესობა დაკარგა

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ყველაზე დიდი ბლოკი მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიაა“. შედეგები აჩვენებს, რომ 751 ადგილიდან ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ბლოკს 179 მანდატი ექნება და პრო-ევროპულ კოალიციას სწორედ ის ჩამოაყალიბებს.

2014 წლის არჩევნებში, „ევროპის სახალხო პარტიას“ 216 ადგილი ჰქონდა. წინასწარი მონაცემებით, მეორე ადგილზეა „სოციალისტების და დემოკრატების“ ბლოკი, რომელიც ევროპარლამენტში სავარაუდოდ 150 მანდატს მიიღებს. 2014 წელს „სიციალისტებს და დემოკრატებს“ 191 ადგილი ჰქონდათ.

მესამე ადგილზეა ლიბერალური ჯგუფი „ალდე“, რომელიც ამ დროისთვის ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში 107 ადგილს იღებს.

არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და პოზიციები გაიუმჯობესეს მწვანეებმა, რომლებსაც წინა არჩევნებში 50 ადგილი ჰქონდათ, ახლა კი 70 მანდატს მიიღებენ.

ანალიტიკოსების პროგნოზით, „ევროპის სახალხო პარტია“ „დიდ კოალიციას“ „სოციალისტების და დემოკრატების“ ბლოკთან, ლიბერალებისა და მწვანეების დახმარებით შექმნის.

„ბოლო 40 წელიწადში პირველად, ორ კლასიკურ პარტიას, სოციალისტებს და კონსერვატორებს უმრავლესობა აღარ ექნებათ. ნათელია, რომ ეს ისტორიული მომენტია, რადგან ევროკავშირის პარლამენტში ძალაუფლების ახალი ბალანსი იქნება“, – განაცხადა „ალდეს“-ს ლიდერმა, გი ვერჰოფშტადტმა.

არჩევნებში აქტივობა 51 პროცენტი იყო, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შედეგია.

1tv.ge

ტეგები