პარლამენტის ბიუროს სხდომამ პლენარული სხდომის დღის წესრიგში დამატებები შეიტანა
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2019 14:07
პარლამენტის ბიუროს სხდომამ პლენარული სხდომის დღის წესრიგში დამატებები შეიტანა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი უძღვებოდა, 28-31 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგი დააზუსტეს.

პლენარულ სხდომათა დღის წესრიგში ასორმოცდაათზე მეტი კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხია: კანონპროექტები, სარატიფიკაციო დოკუმენტები, 2018 წლის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ კომიტეტების ანგარიშები და სხვა.

პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხას დაემატა, კანონპროექტთა ორი, ვრცელი პაკეტი: „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგს ასევე, დაემატა „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის წესის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი.

ბიურომ ასევე, იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განსახილველად განისაზღვრა წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები.

მიმდინარე კვირის პარასკევს, 31 მაისს პარლამენტის წინაშე, ინტერპელაციის წესით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია წარდგებიან.

ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნის სიხშირის გამო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა უკმაყოფილება გამოთქვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე, უკმაყოფილება გამოხატა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მომზადებულ „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ეხებოდა.

„ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც სწორედ, იმ კანონმდებლობაში, რომელიც განათლების სფეროს ეხება, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვაზე არის მოთხოვნა. სტატისტიკურად ამ კანონმდებლობაზე გვიწევს ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა. პარლამენტის ახალი რეგლამენტით, პროექტების დაჩქარებული წესით განხილვა გამკაცრებულია. ახალმა რეგულაციებმა გვითხრა, რომ სწორედ, დაგეგმარების პროცესს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ასეთ ინიციატივებს ერთი კვირით ადრე ნუ დავაყენებთ დღის წესრიგში“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრება გაიზიარა ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, ასეთი ინიციატივები ბიუროს ყველა სხდომაზე შედის განსახილველად. „ეს უნდა დაჯამდეს და კომპლექსურად შემოვიდეს ბიუროზე, რადგან საკითხის მიმართ ერთიან კონტექსტში შეხედვა არის საჭირო“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოდგილემ, თამარ ჩუგოშვილმაც აღნიშნა, რომ „პროექტების დაჩქარებული წესით განხილვის და პარლამენტის ფორსმაჟორში ჩაყენების მცდელობა ყოველთვის განათლების სამინისტროდან მოდის“.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ დეპუტატების პასუხად განმარტა, რომ განათლების სფეროში რეფორმები დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს. რაც შეეხება, კონკრეტულ კანონპროექტს, მისი თქმით, დაჩქარებული წესით განხილვა სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე გახდა საჭირო.

„პროფესიულ სასწავლებლებს, რომელთაც ვერ გაიარეს ავტორიზაცია, მილევად რეჟიმში აქვთ გარკვეული პროგრამები. სამინისტრო გამოდის სტუდენტების ინტერესიდან. ვადის გადაწევით, პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ რომ სწავლა დაასრულონ“, - აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ.

ამ თემაზე დისკუსიის შემდეგ, ბიურომ ხმათა უმრავლესობით, პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა.

პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 28 მაისს 12 საათზე გაიმართება. მანამ, 11 საათზე კი ბიურო შეიკრიბება.

ტეგები