თამარ ჩუგოშვილი პროექტის - „შენი ხმა თანასწორობისთვის“ ფინალისტებს შეხვდა
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2019 14:20
თამარ ჩუგოშვილი პროექტის - „შენი ხმა თანასწორობისთვის“ ფინალისტებს შეხვდა

27 მაისს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი პროექტის - „შენი ხმა თანასწორობისთვის“ ფინალისტებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის გაცნობა, განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ მსჯელობა და ახალგაზრდების იდეების გაზიარება გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების მიმართულებით.

შეხვედრის ფარგლებში, თამარ ჩუგოშვილი ახალგაზრდებს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე და ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. ამასთან ერთად, მან გააცნო პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და, ზოგადად, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა გენდერული თანასწორობის მიღწევა-გაუმჯობესების მიმართულებით, კერძოდ, საუბარი იყო სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებაზე და, შესაბამისად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებულ რეფორმებზე, პარლამენტის მიერ ახლახან მიღებულ კანონზე სექსუალური შევიწროების რეგულირების თაობაზე და გენდერული თანასწორობის საბჭოს 2019 წლის პრიორიტეტზე, რომელსაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე და მიიღეს დეტალური ინფორმაცია პარლამენტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან საუბარი გენდერული თანასწორობის თემატიკაზე, ვინაიდან სწორი თაობა მოიტანს სწორ ცვლილებებს“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

პროექტი „შენი ხმა თანასწორობისთვის“ განახორციელა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა (NCCE), ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) ერთად და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით.

 

ტეგები