პარლამენტის თავმჯდომარე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით შემაჯამებელ შეხვედრას მართავს
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2019 19:22
პარლამენტის თავმჯდომარე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით შემაჯამებელ შეხვედრას მართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.

ხელისუფლების სამივე შტოს, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დისციპლინური სამართალწარმოების, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხებზე მსჯელობენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მსჯელობა, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა მოხერხდა.

„გვქონდა საკმაოდ განსხვავებული პოზიციები თავიდანვე, როდესაც ჯერ კიდევ, დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ ამ საკითხებზე მსჯელობა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ კონსესუსის მიღწევა ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც სრული კონსესუსით დაინიცირდება პარლამენტში და პარლამენტი მიიღებს ამ კანონპროექტს ივლისის ბოლომდე”,-აღნიშნა მან.

ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ სრული კონსესუსი იქნება მიღწეული იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხებთან დაკავშირებითაც.

ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად - შეეხება თუ არა ცვლილებები იმ საქმეებს, რომლებიც დამოუკიდებელი ინსპექტორს აქვს გადაცემული, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ყველა საქმე, რომელიც დამოუკიდებელ ინსპექტორთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შევა, ახალი რეგულაციების შესაბამისად იქნება განხილული.

„ყველა საქმე, რომელიც დღემდე არის შესული და რომელიც სამომავლოდ შევა დამოუკიდებელ ინსპექტორთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, იქნება განხილული ახალი რეგულაციების, ანუ, იმ კანონის შესაბამისად, რომელიც ჩვენს მიერ იქნება მიღებული და ეს უზრუნველყოფს როგორც საფუძვლების, ასევე, პროცესის დახვეწას. ცვლილებები ორივე მიმართულებით განხორციელდება და შესაბამისად, ახალი საფუძვლებით და ახალი პროცესუალური ნორმებით მოხდება თითოეული საქმის განხილვა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების საჯაროობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს რეკომენდაცია გათვალისწინებულია და კანონში შესაბამისი ჩანაწერი ჩნდება. მისივე თქმით, საჯაროობის საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.

“მკაფიოდ იწერება, თუ რა გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი საბჭოს სხდომების დახურვა. მთლიანად გავითვალისწინეთ შესაბამისი რეკომენდაცია. საჯაროობის ნაწილზე კიდევ ერთი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება სრული კონსესუსი. ანუ, რეკომენდაცია არის მთლიანად ასახული კანონპროექტში. იმავე ეხება გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას - რეკომენდაციები იყო, ასევე, პროექტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და ისიც გავითვალისწინეთ. ასევე, მუდმივად მოხდება საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ტეგები