ირაკლი კობახიძე: დისციპლინური სამართალწარმოებისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკითხებზე შევჯერდით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხთან დაკავშირებით დამატებითი მსჯელობა გაიმართება
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2019 21:15
ირაკლი კობახიძე: დისციპლინური სამართალწარმოებისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკითხებზე შევჯერდით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხთან დაკავშირებით დამატებითი მსჯელობა გაიმართება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დისციპლინური სამართალწარმოებისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკითხებთან დაკავშირებით, პოზიციები შეჯერებულია, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დამატებითი მსჯელობა გაიმართება.

აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების სამივე შტოს, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მოდევნო შეხვედრა, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საკითხთან დაკავშირებით არსებულ რამდენიმე მოსაზრებაზე იმსჯელებენ, უახლოეს მომავალში გაიმართება.

„სამი ძირითადი საკითხი განვიხილეთ: დისციპლინური სამართალწარმოების, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხები. პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით უკვე გვაქვს შეჯერებული პოზიციები. რაც შეეხება დისციპლინურს, მუშაობა, პრაქტიკულად, დასრულებული და საბოლოო პროექტი ამ შეჯერებული პოზიციების შესაბამისად დამუშავდება. იგივე ეხება იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკითხებს - აქაც დაგვრჩა ერთი საკითხი, რომელიც სკოლას ეხება და რომელსაც დამატებითი მსჯელობა სჭირდება. ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით, გვაქვს სრული შეთანხმება. იმ ერთ საკითხზე, მომდევნო შეხვედრაზე დამატებით ვიმსჯელებთ. არსებითად დასამუშავებელი დაგვრჩა მესამე საკითხი - ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხი. ძალიან ბევრი ცვლილებაა უკვე ასახული პროექტში, თუმცა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომელზეც გვექნება მსჯელობა შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც შედგება, დაახლოებით, ალბათ, ერთ კვირაში, ათ დღეში და დარწმუნებული ვართ, იქ უკვე მესამე თემაზეც მოვახერხებთ სრული შეჯერებული პოზიციებით კანონპროექტის შემუშავებას“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა ის დეტალებიც, რაზეც მომდევნო შეხვედრაზე გამახვილდება ყურადღება. მისი თქმით, ასეთია სასამართლოს თავმჯდომარეების საკითხი.

„არის სასამართლოს თავმჯდომარეების მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც სამი სხვადასხვა შემოთავაზებაა. დღეს არის ასახული პროექტში, რომ კონსულტაციები წინ უნდა უსწრებდეს თავმჯდომარეების განწესებას. არის შემოთავაზება, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები საკონკურსო წესით დაინიშნონ არის, ასევე, შემოთავაზება, რომ თავად მოსამართლეებმა აირჩიონ თავმჯდომარე. სამი სხვადასხვა ვარიანტია. გვექნება მსჯელობა სამივე ვარიანტთან დაკავშირებით, შემდეგ შეხვედრაზე ჩვენც გარკვეულ პოზიციას წარვადგენთ. უკვე იქ, იმედია, საბოლოოდ შევჯერდებით იმ გადაწყვეტაზე, რომელიც სასამართლოს ეფექტიან მუშაობას ყველაზე მეტად წაადგება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



 

ტეგები