იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მხარი დაუჭირა
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2019 21:17
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება და მისი თანმდევი კანონპროექტები: „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ განაცხადა, შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2015 წლიდან მიმდინარეობდა და დოკუმენტს ხელი მოეწერა 2019 წლის მარტში, ჰააგაში.

„შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის სააგენტოს - ევროჯასტს შორის სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის, მძიმე დანაშაულთან, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებით.

შეთანხმება ზოგადად, არეგულირებს ევროჯასტთან თანამშრომლობის ფარგლებს. ამ მიზნით, ბუნებრივია, ქმნის სათანადო მექანიზმებს. კერძოდ, საქართველო და ევროჯასტი ამ სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში მოქმედ წარმომადგენელთა ე.წ. მეკავშირეების მეშვეობით წარმართავენ დანაშაულთან ბრძოლოს ყველა პროცესს, მათ შორის, დანაშაულის გამოძიებისთვის აუცილებელი ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ფორმალობებს. თანამშრომლობა ძირითადად ამ პრინციპებს ეყრდნობა, დანარჩენი ყველაფერი დეტალურად გაწერილია ხელშეკრულებაში“,-განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

მისივე თქმით, შეთახმების იმპლემენტაციისათვის აუცილებელი გახდა შესაბამისი საკანომდებლო ცვლილებების განხორციელება. კერძოდ, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლს ემატება ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის, ევროჯასტთან საქართველოს პროკურატურის საკონტაქტო პირისა და ტერორიზმის საკითხებზე საქართველოს ეროვნული კორესპონდენტის დეფინიციები.

კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ მეკავშირე პროკურორი ევროჯასტში და მისი დამხმარე წარმოადგენენ პროკურორებს, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს გენერალური პროკურორი. ისინი შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში, თუმცა იმყოფებიან საქართველოს გენერალური პროკურორის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენენ საქართველოს.

,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს ემატება ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის დეფინიციები. კანონპროექტით განისაზღვრება ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის ადგილი უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობების და უფროსი დიპლომატიური თანამდებობების ჩამონათვალში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, წარმოდგენილი შეთანხმება, საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ევროჯასტთან დადებული შეთანხმება შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად საქართველოსთვის აუცილებელი და დროულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობა ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ჩვენი ქვეყნიდან წარგზავნილი ეს ერთგვარი მაკოორდინირებელი რგოლი ხელს შეუწყობს, რომ ახალ საფეხურზე გადავიდეს და კიდევ უფრო ეფექტური იყოს თანამშრომლობა ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციასთან, როგორიც არის ევროჯასტი“,-აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოისმინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშები, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ.

„უკვე მესამედ გვიწევს ანგარიშის წარდგენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით. პარლამენტის ჩართულობა მნიშვნელოვანია და ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა, იმდენად, რამდენადაც ყალიბდება სამაგალითო მოდელად პარლამენტსა და სამინისტროებს შორის ურთიერთობის“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ.

მომხსენებელმა დეპუტატებს მიაწოდა ზოგადი ინფორმაცია აღსრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფიქსირდება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების მკვეთრი კლება, კერძოდ: თუ 2011 წელს შეტანილი იყო 395 საჩივარი, 2012 წელს - 365 საჩივარი, 2018 წელს შეტანილია მხოლოდ 99 საჩივარი.

ტეგები