1 ივნისს დედაქალაქის მერიის ორგანიზებით მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2019 13:05
1 ივნისს დედაქალაქის მერიის ორგანიზებით მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 1 ივნისს, მთავარი საბავშვო ზეიმი ვაკის პარკში ჩატარდება და 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„ყოველდღიურად რასაც ვაკეთებთ, კეთდება იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იამაყონ და იცხოვრონ ძლიერ საქართველოში, ლამაზ თბილისში, რომელიც ყველანაირად მოწესრიგებული იქნება. ამ დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერია საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებებს აწყობს. მთავარი საბავშვო საზეიმო სივრცე ვაკის პარკში იქნება, სადაც 12:00-დან 18:00 საათის ჩათვლით, სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი. მინდა მივმართო მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, მოიყვანოთ შვილები, შვილიშვილები და ერთად გავერთოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, თბილისის ყველა გამგეობას სხვადასხვა საბავშვო აქტივობა აქვს დაგეგმილი.

„გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ, 13:00-19:00 საათამდე, გაიმართება სასახლის აღსაზრდელების კონცერტი. ასევე, თბილისის ყველა რაიონში გამგეობები სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავენ. ეს ერთი დღე ბავშვებს ვაჩუქოთ და გავულამაზოთ. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ისიამოვნონ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
 

ტეგები