გიორგი ვოლსკიმ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების100 წლისთავთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენცია გახსნა
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2019 17:05
გიორგი ვოლსკიმ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების100 წლისთავთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენცია გახსნა

საქართველოს პარლამენტში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) 100 წლისთავთან დაკავშირებით, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

სამეცნიერო კონფერენცია, რომლის თემა იყო „საქართველოს დამფუძნებელი კრება - ქართული პარლამენტარიზმის გამოცდილება“, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საიუბილეო საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, გიორგი ვოლსკიმ გახსნა. მან ხაზი გაუსვა ქართული პარლამენტარიზმის იდეას საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში.

„სამი წელი ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ ჩვენ პარლამენტარიზმის ტრადიციების ფუნდამენტალურ დამკვიდრებაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ რეალურად იმ სამმა წელმა აკუმულირება გააკეთა იმდენი პოზიტიური საკითხის, იმდენი სასახელო თემის, რამაც საქართველოში პოლიტიკური კულტურა განაპირობა. ის სამი წელი ძალიან მძლავრი იყო თავის შინაარსით და ადამიანური და ინტელექტუალური რესურსით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, მსოფლიოში არსებობს დამკვიდრებული ნორმები და კლიშეები, რომლის იქითაც არ უყვართ გასვლა პოლიტიკოსებს და სწორედ ამ დროს არის საჭირო და მნიშვნელოვანი მსგავსი მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების და მოვლენების მეცნიერული კვლევა და ანალიზი.

„ამ დროს უნდა გავიხედოთ მეცნიერებისკენ და მათ უნდა ვკითხოთ რას ნიშნავდა ჩვენთვის ის სამი წელი, რა ტრადიცია იქნა შემოღებული და დანერგილი და რა რეალური სიტუაცია გვქონდა იმ პერიოდში. ასი წლის აღნიშვნა განაპირობა იმ უზარმაზარმა ძალისხმევამ და იმ სასახელო ისტორიამ, რაც იმ სამ წელიწადში საქართველოს ჰქონდა. კონსტიტუციას იღებდნენ მაშინ, როდესაც მტერი კარზე იყო მომდგარი და არაერთი ფრონტის ხაზი იყო გახსნილი. გარდა ამისა, იმ პერიოდის სახე არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც ჩვენთვის არის სამაგალითო. რამდენი სკოლა გაიხსნა, რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა გაემგზავრა საქართველოდან სასწავლებლად იმისათვის, რომ თავის ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყო, რამდენი მაღალი დონის ოფიცერი და გენერალი იქნა გამოვლენილი იმ პერიოდში, რომელიც დღესაც არის საამაყო და მისაბაძი ჩვენი სამხედროებისათვის. ამ სამმა წელმა გააკეთა ის, რასაც ისტორიის მანძილზე პერიოდული გამონათებები შეიძლება დავარქვათ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საიუბილეო კომისიის წევრებს, ყველას, ვინც ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების დაგეგმვაში და განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ბატონებს, ოთარ ჯანელიძეს და მალხაზ მაცაბერიძეს, რომლებიც იყვნენ იმ კომისიის წევრები, რომელიც ამზადებდა პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებს, მადლობა განათლების სამინისტროს, სახელმწიფო უნივერსიტეტს, ტექნიკურ უნივერსიტეტს, თელავის, ბათუმის, ახალციხის და ყველა უნივერსიტეტს, მუზეუმებს, იუსტიციის სამინისტროს, არქივს, იმ შესანიშნავი დამოკიდებულებისათვის, რომელიც ჰქონდათ სწორედ ამ 100 წლისთავის აღნიშვნის დღეს. ჩვენ, ვინც დღეს აქ ვსხედვართ, ისტორიის პატარა ფურცელი შევქმენით და ამ ფურცელზე ერთი სტროფი ჩავწერეთ, რაზეც ალბათ მომავალში იტყვიან, რომ ეს განგრძობითობა, ეს ტემპი შენარჩუნებული იქნა ჩვენი დახმარებით. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ღონისძიება ამითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პროექტის, ხელმძღვანელმა, საიუბილეო კომისიის წევრმა, პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემსაქართველოს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი ვოლსკის და პარლამენტის აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა საქართველოს პარლამენტს, ბატონ გიორგის, ბატონ გივის, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს და ჩვენი პარტნიორები არიან ამ საგრანტო პროექტის ფარგლებში. მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტმა ასე ფართოდ აღნიშნა საქართველოს დამფუძნებელი კრების 100 წლის თავი, როგორც ფაქტობრივი და ჭეშმარიტი დასაწყისი თანამედროვე ქართული პარლამენტარიზმისა“, - განაცხადა მალხაზ მაცაბერიძემ. მან მადლობა გადაუხადა ასევე რუსთაველის ფონდს პროექტის მხარდაჭერისთვის.

კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან, დამფუძნებელი კრების საარჩევნო დებულებასთან და დარღვევებთან, კრების საკანონმდებლო საქმიანობასთან, საპარლამენტო ეთიკის საკითხებთან, დამფუძნებელი კრების სტენოგრაფიულ ანგარიშებთან და დამფუძნებელ კრებაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობასთან დაკავშირებით. ყურადღება გაამახვილა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მნიშვნელობაზე.

კონფერენციის მუშაობაში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერები მონაწილეობდნენ.

 

ტეგები