თამარ ჩუგოშვილმა პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მოილოცა
ამობეჭდვა · 30 / 05 / 2019 19:38
თამარ ჩუგოშვილმა პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მოილოცა

„გილოცავთ პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ დღეს! პროკურატურის დღე 1999 წელს დაწესდა და დღეს მე-20-ჯერ ხდება მისი აღნიშვნა. ამ დროის განმავლობაში საქართველოს პროკურატურამ გამოიარა სხვადასხვა ეტაპები, იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილიც, მაგრამ დღეს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად მოიპოვა განსაკუთრებული დამოუკიდებლობა, პირველად აღინიშნება ეს დღე და შესაბამისად განსაკუთრებულად მინდა მოგილოცოთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პროკურატურის მუშაკთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურა ყველა დემოკრატიული ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს კანონის უზენაესობის დაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის, დანაშაულთან ბრძოლის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის სტაბილურობის და განვითარების საკითხებში.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა რამდენიმე თვის წინ ძალაში შესულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის შედეგად პროკურატურა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოა.

„კონსტიტუციის თანახმად, პროკურატურა აღარ არის რომელიმე სახელისუფლებო შტოს ნაწილი. ეს რეფორმა ერთი შეხედვით უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, თუმცა ამავე დროს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაც“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, პროკურატურის დამოუკიდებლობა ნიშნავს და უნდა ნიშნავდეს ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობასაც, ვინაიდან ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რამაც საერთო ჯამში უნდა უზრუნველყოს ხარისხიანი მართლმსაჯულება.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განაცხადებით, რეფორმის შემდეგ, პარლამენტს, როგორც საზედამხედველო ორგანოს, განსაკუთრებული ბმა აქვს პროკურატურასთან და ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსაც საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს.

„სწორედ საქართველოს პარლამენტი იღებს ისეთ უმნიშვნელოვანეს კანონებს, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული პროკურატურის საქმიანობასთან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტსა და პროკურატურას შორის ჯანსაღი, გამჭვირვალე ურთიერთობების დამკვიდრება“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, დღეს პარლამენტის ურთიერთობა ყველა ანგარიშვალდებულ ორგანოსთან მაქსიმალურად კარგად არის კანონმდებლობით მოწესრიგებული, არის ძალიან გამჭვირვალე წესები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა, რომ ჯანსაღი პროცესების წარმართვის მეშვეობით ეს თანამშრომლობა შედგეს და იყოს მაქსიმალურად ეფექტური.

„ჩვენი და თქვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომ ეს ძალიან დიდი შანსი, რომელიც ამ კონსტიტუციური ცვლილებებით ყველამ ერთად მივიღეთ ანუ პროკურატურის დამოუკიდებლობის ახალი სტანდარტი, რომელიც ჩვენ სახეზე გვაქვს, გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად, დავნერგოთ სწორად და შესაბამისად, უკან მოვიტოვოთ ის სირთულეები, რომლებიც პროკურატურის საქმიანობას წლების განმავლობაში ახლდა თან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში საზოგადოების ნდობა, რადგან შეუძლებელია რაიმე რეფორმის, რაიმე ცვლილების წარმატებაზე საუბარი, თუ ეს პირდაპირ არ არის ასახული საზოგადოების დამოკიდებულებაში ინსტიტუტების მიმართ.

„თუ ეს ნდობა არ არსებობს, არც ერთ რეფორმას აზრი არ აქვს. შესაბამისად, გისურვებთ სწორედ ამ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებას იმ ყველაფრის შედეგად, რა ცვლილებებიც ხორციელდება, როგორც კანონმდებლობის დონეზე, ასევე პროკურატურის შიგნით. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს და გილოცავთ პროფესიულ დღეს“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიული დღე, ასევე მიულოცეს: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ და EUROJUST -ის პრეზიდენტმა ვლადისლავ ჰამრანმა.
 

ტეგები