გიორგი გახარია: ანაკლიის პროექტი ქვეყნის უსაფრთხოების განზომილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია - ქვეყნის მომავლის პროექტია
ამობეჭდვა · 02 / 06 / 2019 23:55
გიორგი გახარია: ანაკლიის პროექტი ქვეყნის უსაფრთხოების განზომილების  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია - ქვეყნის მომავლის პროექტია

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანაკლიის პროექტის გარშემო  მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა პირდაპირ ეთერში. ჟურნალისტის  კითხვა ეხებოდა, ფოთის პორტისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემას და
ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

„არავის არავისთვის სამშენებლო ნებართვა არ გაუცია. ეს იყო მხოლოდ და  მხოლოდ მიწათსარგებლობის პირობები, თუმცა ისიც უმოკლეს ვადაში იყო შეჩერებული და გაუქმებული ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, რითაც სახელმწიფომ და მთავრობამ მისი პოზიცია კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში გამოხატა. ჩვენ, ზოგ შემთხვევაში, შეცდომის აღიარებას სისუსტედ ვთვლით, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეს სწორი შეფასება არ არის. სახელმწიფომ იმ გადადგმული ნაბიჯებით და იმ შეჩერებული ბრძანებით, გამოხატა და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია და თქვა, რომ პროცედურულად იყო გარკვეული შეცდომა დაშვებული. თუმცა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ამ პროცედურული შეცდომის მიღმა გარკვეული სხვა სუბიექტური მოტივებიც შეიძლება  ყოფილიყო, თუმცა ეს უნდა იყოს მოკვლევის საგანი - ჯერ უწყებრივი, რომელიც  მე როგორც ვიცი, ეკონომიკის სამინისტროში დაწყებულია და ვნახოთ რას  გამოავლენს ეს.

რაც შეეხება ანაკლიას. ანაკლიასთან მიმართებაში სახელმწიფომ არაერთხელ  დააფიქსირა თავისი მკაფიო პოზიცია და მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველა  მხარემ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს. ამ რაღაც ემოციური ნაბიჯების თუ
შეფასებების მაგივრად, ჯობია, რომ ყველა დაჯდეს და თავის საქმეს მიხედოს.  ეს არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება. მე რამდენჯერმე ვთქვი და დღეს უკვე  უსაფრთხოების საბჭოს მდივნის სტატუსით შემიძლია ერთი რამ გითხრათ: თქვენ
იცით, რომ ეს პროექტი ფაქტობრივად დაიწყო მაშინ, როდესაც მე ეკონომიკის მინისტრი ვიყავი, ძალიან კარგად ვიცი დეტალურად სახელმწიფომ რამდენი შეღავათი და ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ პროექტს დახმარებოდა. რას
აკეთებს დღეს სახელმწიფო და როგორ აგრძელებს პროექტის დახმარებას. მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ ანაკლიის პორტი, როგორც პროექტი არის ამ ქვეყნის უსაფრთხოების განზომილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. მე პირდაპირ
გეუბნებით, რომ ანაკლიის პორტი არის ქვეყნის მომავლის პროექტი. ეს არის პროექტი, რომელიც უსაფრთხოების განზომილებაში ჩვენ გვჭირდება და ეს არის პროექტი, რომელიც ეკონომიკურად შეიძლება იყოს უფრო მოგვიანებით მოთხოვნადი პროექტი. ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ თანმიმდევრულად ვიცავთ. თუნდაც, ჩვენ რომ შევხედოთ მაგალითად, რამდენჯერ იყო პორტის ძირითადი საინვესტიციო ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი მუხლები გადავადებული, ან შეცვლილი. ეს ხომ მთავრობის ნების პირდაპირი გამოხატულებაა.

დღეს, მთავრობა აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს პოზიციას, მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან შესულია მოლაპარაკებებში, ახლა ელოდება უკვე წინადადებებს მათი მხრიდან და ფაქტობრივად იმ ძირითადი მოთხოვნებიდან
უმრავლესობა დაკმაყოფილებულია. მხოლოდ და მხოლოდ მთავრობა ამბობს, რომ კომერციული რისკების დაზღვევის კომპონენტში, ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ
ერთმნიშვნელოვნად ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, როგორც პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. არის გარკვეული პრობლემები, სირთულეები, რომლებსაც როგორც ჩანს კერძო ინვესტორები აწყდებიან. მათ ამ სირთულეების
გადალახვაშიც სახელმწიფო ყველანაირად ეხმარება. ეს ბოლო შემთხვევაც, არცთუ ისე მარტივი გადადგმული ნაბიჯი - ეკონომიკის მინისტრის მიერ გაუქმებული მისი საქვეუწყებო დაწესებულების მიერ გამოცემული ბრძანება. ეს კიდევ ერთი
დასტურია რა დონის მხარდაჭერა აქვს ანაკლიის პროექტს.

სხვათა შორის ანაკლიის პორტის მესვეურებმა, იმის მაგივრად, რომ ემოციური რაღაც ბრალდებები წაუყენოს სახელმწიფოს, ბევრ რაღაცას ყურადღება უნდა მიაქციონ და სწორი შეფასება უნდა გაუკეთონ იმ ნაბიჯებს, რომელსაც დგამს სახელმწიფო და მთავრობა. ფოთის პორტი მსგავს ნებართვას უკვე წლებია ითხოვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გაცემულა არანაირი ნებართვა. როდესაც გამოდიხარ და ამბობ, რომ ფოთის პორტს მისცეს მშენებლობის ნებართვა, ეს სიმართლე არ არის. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მიწათსარგებლობის პირობები. პორტის მშენებლობის ნებართვას შემდგომ იმდენი პროცესები სჭირდება, ამას შეიძლება დასჭირდეს წლები. ეს პირველი ეტაპიც არ არის.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 

ტეგები