ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა ისინი, მგონი, დავრჩები საკრებულოში - ნანა კოსტავა
ამობეჭდვა · 03 / 06 / 2019 11:04
ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა ისინი, მგონი, დავრჩები საკრებულოში - ნანა კოსტავა

ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა, რომელიც საკრებულოდან წასვლაზე განცხადების დაწერას დღეს აპირებდა, სავარაუდოდ, საკრებულოს აღარ დატოვებს.

როგორც კოსტავა აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება ამომრჩეველთა თხოვნის საფუძველზე მიიღო.

„არავითარი ხელფასი, არავითარი სკამი, არავითარი არაფერი არ მიღირს იმად, რომ საზოგადოება ეს ორი დღე ასე ვანერვიულე. იმდენი პრობლემა აქვს საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, რომ მე მიკვირს, ვიღაც ნანა კოსტავასთვის რატომ გავანერვიულე. მეორე საკითხი –  ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა ისინი, მგონი, დავრჩები საკრებულოში, არ დავტოვებ“, – აღნიშნა კოსტავამ.

ქუთაისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა, ნანა კოსტავამ Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ აღწერით გაზიარება დროში ბარკერის დის გარდაცვალებას დაემთხვა.

მოგვიანებით კოსტავამ ბოდიში მოიხადა. მისი თქმით სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.