„დაველოდოთ პროცესებს, მთავარია, სამართლიანობა აღდგეს“ - პრეზიდენტი ხორავას ქუჩის საქმეზე
ამობეჭდვა · 04 / 06 / 2019 13:53
„დაველოდოთ პროცესებს, მთავარია, სამართლიანობა აღდგეს“ - პრეზიდენტი ხორავას ქუჩის საქმეზე

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწარაფიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ყველაზე მთავარი და ერთადერთი არის, აღდგეს სამართლიანობის განცდა, ოჯახებს ჰქონდეთ ყველა კითხვაზე პასუხი და არ ჰქონდეთ არც ერთი კითხვა უსამართლობასთან დაკავშირებით.

„მოდით, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. დაველოდოთ პროცესებს, მთავარია, სამართლიანობა აღდგეს“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფიგურანტი მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

3 ივნისს, სააპელაციომ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში არასრულწლოვანი გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

რაც შეეხება გ.ბ.-ს, მის მიმართ ბრალდების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ის დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ უდანაშაულოდ ცნო.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.

ამასთან, ორივე მათგანს შეეცვალა სასჯელის ზომა და 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ასევე, მიმდინარე წლის 22 მაისს ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ არასრულწლოვანს დ.ღ.-ს განაჩენი გამოუტანეს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

მკვლელობის საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს.