თბილისის მერია თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას იწყებს
ამობეჭდვა · 05 / 06 / 2019 13:08
თბილისის მერია თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია თაბუკაშვილის N46-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას იწყებს და შენობის პროექტირებაზე კონკურსს აცხადებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეოთხე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობაში მოსახლეობას სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევს ცხოვრება, შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია და გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მთაწმინდის რაიონში, თაბუკაშვილის ქუჩის N46-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის შემუშავებას რამდენიმე თვე დასჭირდება. საუბარია ე.წ. კადეტთა კონკურსზე, რომელიც დაახლოებით, 150 წლისაა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, თუმცა იქ არსებული მდგომარეობა უმძიმესია. ძალიან მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება მოსახლეობას, ეს კორპუსი სიცოცხლისთვის საშიშია. მეოთხე კატეგორიის ავარიულობა აქვს მინიჭებული, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი გადარჩენა და რეაბილიტაცია. ჩემი თხოვნა იქნება, გქონდეთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მიაწოდოთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როდის დაიწყება სამუშაოები და როდის დასრულდება პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე, იწყება ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩების სრული რეაბილიტაცია. პროექტი უახლოეს მომავალში მომზადდება. თბილისის მერი ორბელიანის რეაბილიტირებული მოედნის გახსნასაც შეეხო და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული.

„მართლაც ულამაზესი პროექტი გამოვიდა. ყველა გახარებული და სიამაყით სავსეა, ვინც ამ ქუჩებში გაისეირნა. სწორედ ესაა ჩვენი მიდგომა, ასეთი გვინდა იყოს ჩვენი ქალაქი, ყველა რაიონი, ყველა ქუჩა - კეთილმოწყობილი, გალამაზებული,
გამწვანებული და ამას ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ. ამ პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 350 ოჯახი გვყავდა დროებით გაყვანილი და დღეს ეს ადამიანები დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს. არც ერთი ეზო დაგვიტოვებია მოუწესრიგებელი.
თუ გუშინ ამ 350 ოჯახის საცხოვრებელი ფართის ღირებულება იყო, პირობითად, 100 ლარი, დღეს 4-5-6-ჯერ მეტია ანუ ასეთი პროექტების განხორციელება ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან დიდი ბენეფიტია. შემიძლია ვთქვა, რომ
ქალაქში გაჩნდა კიდევ ერთი მიზიდულობის წერტილი, რომელიც როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, უახლოეს მომავალში იწყება ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია, ასევე, დაგეგმილია გუდიაშვილის, ფურცელაძის ქუჩისა და თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტები.

ტეგები