შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
ამობეჭდვა · 07 / 06 / 2019 20:49
 შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა -  დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ბ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 6 ივნისს, ლანჩხუთში, კოსტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1999 წელს დაბადებულ ლ.ფ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი ლ.ფ. საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ამხილეს, მოგვიანებით კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში, ნათესავის საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.