დავით მათიკაშვილმა ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებთან სამართლებრივ და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ამობეჭდვა · 10 / 06 / 2019 19:40
დავით მათიკაშვილმა ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებთან  სამართლებრივ და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს შეხვდა.



შეხვედრის მთავარი თემა იყო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია. ქართულმა მხარემ ყირგიზელ კოლეგებს გააცნო საქართველოს პარლამენტში დანერგილი ახალი საზედამხედველო მექანიზმები, მათ შორის: თემატური მოკვლევის ჯგუფის საქმიანობა, ინტერპელაცია და უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის საკითხები.



მხარეებმა ისაუბრეს ასევე ეკონომიკური სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. ყირგიზული მხარე ტურიზმის სფეროში საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდა.



„საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფ ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, აინტერესებდათ ახალი რეგლამენტით და კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები.



შეხვედრისას განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, როგორც სამართლებრივ, ასევე ეკონომიკურ სფეროებში. საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ჩამოყალიბება დააჩქარებს და გააღრმავებს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის არსებულ ურთიერთობებს.

ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა იმ მიმართულებით, რაც მათ აინტერესებთ, ქართული მხარე აუცილებლად დაეხმარება საკუთარი გამოცდილების გაზიარებით“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.



შეხვედრას ქართული მხრიდან, ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: გოგა გულორდავა, მერაბ ქვარაია, კობა კობალაძე და ირაკლი აბესაძე.