პარლამენტის ბიურომ პლენარული სხდომების დღის წესრიგში განსახილველი საკითხები დაამატა
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2019 12:11
პარლამენტის ბიურომ პლენარული სხდომების დღის წესრიგში განსახილველი საკითხები დაამატა

ბიურომ 12-14 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგს დაამატა  მეორე მოსმენით განსახილველი კანონპროექტი ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

· ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივაა.  ორგანული კანონის პროექტის თანახმად, დგინდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება კონსტიტუციის შესაბამისად და განისაზღვრება გამონაკლისი შემთხვევები. ორგანული კანონის პროექტი არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებასთან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულებასთან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებასთან, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორის ცვლილებასთან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე  სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტის საკუთრებასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

12-14 პლენარული სხდომების  დღის წესრიგში 89 განსახილველი საკითხია.

ბიურომ, დღევანდელ სხდომაზე, დაამტკიცა საქართველოს პარლამენტის წევრის, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ირინე ფრუიძის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის სტრატეგია „მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ 2019 - 2030 წლებისათვის და 2- წლიანი სამოქმედო გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის.

პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ“.