თამარ ჩუგოშვილი: „დღევანდელი განცხადება ძალიან კარგად აფასებს თუ რა ტიპის კანონპროექტი შეიქმნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით“
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2019 18:40
თამარ ჩუგოშვილი: „დღევანდელი განცხადება ძალიან კარგად აფასებს თუ რა ტიპის კანონპროექტი შეიქმნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით“

„იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ აქტიური დისკუსია იყო სასამართლოს რეფორმის გარშემო და სასამართლო თემის გარშემო, ვფიქრობ, რომ დღევანდელი განცხადება გარკვეულწილად წერტილს უსვამს ამ აჟიოტაჟს და ძალიან კარგად აფასებს თუ რა ტიპის კანონპროექტი შეიქმნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტს მიესალმება.



მისივე თქმით, დღევანდელი განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია და ის ძალიან კარგად ასახავს, თუ როგორი პროცესის შედეგად შეიქმნა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა.



„ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმის პაკეტი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში არსებულ ძალიან ბევრ პრობლემურ თემას სრულად აგვარებს, მათ შორის: იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებულ და მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებულ თემებს, ასევე, მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხებს“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.



პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს პროცესში ჩართულობისთვის.



„მინდა მადლობა გადაუხადოთ ყველას - არა მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებს, არამედ ყველა ორგანიზაციას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ სამუშაო პროცესში. მე მგონი, ჩვენ შევძელით ერთობლივი ძალებით ძალიან კარგი რეფორმის პროექტი შეგვეთავაზებინა საქართველოს პარლამენტისთვის და მოსახლეობისთვის“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.