საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შესახებ, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2019 11:24
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შესახებ, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

2019 წლის 13 ივნისს, ქ. პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, გაიმართა მორიგი შეხვედრა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივანს, მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის.

შეხვედრის დასაწყისში ზ. აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ ადგილი აქვს ამ რეგიონების მზარდ მილიტარიზაციას, უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპები. 

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები. ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ სფეროებში ჩართული ქართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე.

საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციას. კერძოდ, აღინიშნა, რომ მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული შეთანხმების წარმატებით რეალიზაციას.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მხარე გამუდმებით აყენებს კრიტიკულ კონტექსტში საკითხს ე.წ. ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით, ზ. აბაშიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღნიშნული ცენტრის კარი ღიაა ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსი მეცნიერებისა და ექსპერტებისათვის.

პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

ტეგები