საქართველოში ტურისტთა რაოდენობა 10 %-ით გაიზარდა - 2018 წლის წლიური ანგარიში
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2019 14:05
საქართველოში ტურისტთა რაოდენობა 10 %-ით გაიზარდა - 2018 წლის წლიური ანგარიში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა. მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გასულ წელს ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 4,5%-ის ოდენობით ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა წლის პირველ ნახევარში ზრდის მაჩვენებელი იყო უფრო მაღალი, წლის მეორე ნახევარში შედარებით დაბალი და საბოლოო ჯამში წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 4,7% შეადგინა.

მისივე თქმით, მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი 3% იყო, თუმცა 2018 წელს ინფლაცია უფრო დაბალ ნიშნულზე იყო და საბოლოო ჯამში წლიურმა ინფლაციის მაჩვენებელმა 1,5% შეადგინა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საგარეო ვაჭრობაში საქონლით ვაჭრობამ გასულ წელს ჯამში შეადგინა 12 474 მლნ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 6.9%-ით მეტია. აქედან, ექსპორტის წილი იყო 3 355 მლნ დოლარი, რაც 22.6%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტის მაჩვენებელმა შეადგინა 9 118 მლნ დოლარი, რაც დაახლოებით 15%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
ტურიზმზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია 10%-ით და დაახლოებით 8 326 ათას ადამიანს შეადგენს, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 19%-ით და 3 222 მლნ დოლარს შეადგენს. მისივე თქმით, გასულ წელს ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც გაიზარდა 14,7%-ით და შეადგინა 1 350 მლნ დოლარი.

ვალების აღებისა და დაფარვის ნაწილზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ გასულ წელს საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებული იქნა 422 მილიონი ლარი, საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილმა მიზნობრივმა კრედიტებმა შეადგინა 997 მილიონი ლარი, ხოლო ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების სახით მიღებულმა თანხამ - 458 მილიონი ლარი.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კომიტეტის საკურატორო სამინისტროების მიმართულებით ბიუჯეტი ზედმიწევნით არის შესრულებული, რაც სწორი და კარგი ტენდენციაა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს.

ტეგები