ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იმსჯელეს
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2019 15:50
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იმსჯელეს

საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის ეს ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქართულმა მხარემ დასძინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. აღნიშნული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, უკანონო ოკუპაციისა და საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის წარმომადგენლებმა. საგულისხმოა, ევროკავშირის 28 ქვეყნის სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ანდორა, სან-მარინო, მოლდოვა, მონტენეგრო და ისლანდია.

გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ უკანონოა როგორც ამ ე.წ. „არჩევნების“ ჩატარება, ასევე, მისი შედეგები, ვინაიდან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. განცხადებებში აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს. დელეგაციებმა, ასევე, დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი.

ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ევროკავშირის წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს, დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, როგორც ეს გათვალისწინებულია მისიის მანდატით.

 

ტეგები